Baby Bag

,,29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, 1-ლი ივნისიდან - ყველა სახის ღია მაღაზია, მოლებიც, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები...''

,,29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, 1-ლი ივნისიდან - ყველა სახის ღია მაღაზია, მოლებიც, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები...''

,,29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, 1-ლი ივნისიდან - ყველა სახის ღია მაღაზია, მოლებიც, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები, 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, აგრეთვე, სასტუმროები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი'' - აღნიშნულის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის შესაბამისად, დღეს ინფიცირებულთა ახალი შემთხვევა გვაქვს 3 და სამივე არის საკარანტინო ზონებიდან. ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს და ამის დასტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი: ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები, ძირითადად, მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ადასტურებს, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება; მეორე - ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ უკვე ჩვენთვის ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომელზეც აქტიურად მუშაობს საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და კონტროლი არის გამკაცრებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ჩნდება ახალი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება. მოგეხსენებათ, ჩვენ წარმოვადგინეთ ეკონომიკის გახსნის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტულ ღონისძიებებს, დღეს შეგვიძლია ვთქვათ როგორც ფაქტი, რომ ჩვენს გვაქვს შესაძლებლობა ეს გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აჩქარების საფუძველია ის, რომ ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და, აგრეთვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი არის მცირე, ამავდროულად შემცირებულია რისკები.

„აჩქარების საშუალებას გვაძლევს გარდა ჩამოთვლილი გარემოებებისა, რომ კონტროლს ექვემდებარება ინფექციის გავრცელება, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი არის ძალზედ მცირე და რისკები შემცირებულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილება მივიღეთ გადაწყვეტილება შემდგომი შემსუბუქებების დაწესების თაობაზე,“ - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა აუცილებელია ელემენტარული წესების და რეკომენდაციების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების გავრცელების რისკი.

„ეს ნაბიჯები, პირველ რიგში, მიღებულია ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა, ამ ნაბიჯის შემდგომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის პირბადეების ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ატაროს პირბადე. ამ გადაწყვეტილებებს უფრო დეტალურად ნორმებით, კონკრეტული ვალდებულებებით დღესვე, უახლოეს პერიოდში გამცნობთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ტესტირების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ოქროს სტანდარტის PCR ტესტებზეა საუბარი. დღეს ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ უახლოეს თვეებში და მეორე ტალღის მოლოდინში შემოდგომამდე, როგორ იმუშავებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კონტროლს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნაბიჯები მიღებულია იმ საუკეთესო და აუცილებელი ინტერესის გათვალისწინებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიც გახლავთ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნა, ხოლო 1-ლი ივლისიდან გარე ტურიზმის გახსნა. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის, მაგრამ აქ სრულად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა არის საერთო - მთავრობა, ბიზნესი, ჩვენი მოქალაქეები და როგორც აქამდე, ჩვენ ერთობლივად, მოქალაქეობრივი შეგრძნების უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ვირუსთან ორივე ფრონტზე - როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ეკონომიკური განვითარების,“ - აღნიშნა პრემიერმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

რითი განსხვავდება ერთმანეთისგან კორონავირუსი და გრიპი?

რითი განსხვავდება ერთმანეთისგან კორონავირუსი და გრიპი?

რითი განსხვავდება ერთმანეთისგან კორონავირუსი და გრიპი, - აღნიშნულ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ​ინფორმაციას:

„ტრანსმისიის სისწრაფე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია მოცემულ ორ ვირუსულ დაავადებას შორის. გრიპს COVID-19-თან შედარებით, აქვს შედარებით ხანმოკლე მედიანური ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან სიმპტომების გაჩენამდე) და სერიული ინტერვალი (დრო ძირითადი შემთხვევის სიმპტომების დაწყებიდან შემდეგი შემთხვევის სიმპტომების დაწყებამდე). მიჩნეულია, რომ COVID-19-ის სერიული ინტერვალი 5-6 დღეს შეადგენს, ხოლო გრიპის შემთხვევაში - 3 დღეს. ეს ნიშნავს, რომ გრიპი COVID-19-ზე სწრაფად ვრცელდება.

დამატებით, ტრანსმისია ავადობის პირველ 3-5 დღეს ან პოტენციური პრე-სიმპტომური ტრანსმისია (ვირუსის ტრანსმისია სიმპტომების გაჩენამდე) წარმოადგენს ძირითად მამოძრავებელ ფაქტორს გრიპის გავრცელებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრეც გავრცელდეს დაავადებულიდან ჯანმრთელ ადამიანზე, ამჟამად, აღნიშნული თვისება არ არის მიჩნეული როგორც დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი.
რეპროდუქციის ციფრი / კონტაგიოზურობის ინდექსი (ერთი შემთხვევიდან რამდენი მეორადი შემთხვევის გამოწვევა არის შესაძლებელი) COVID-19-ის შემთხვევაში 2-დან 2.5-მდე მერყეობს, რაც გრიპთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ორივე დაავადების შემთხვევაში შეფასება კონტექსტის და დროის ფაქტორის შესაბამისად უნდა მოხდეს, რაც ართულებს პირდაპირი შედარების შესაძლებლობას.
ბავშვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გრიპის საზოგადოებაში გასავრცელებლად. COVID-19-ის შემთხვევაში, ამჟამინდელ ცნობებზე დაყრდნობით, ბავშვებზე, ზრდასრულებთან შედარებით, დაავადება ნაკლებ ზეგავლენას ახდენს და კლინიკური დაზიანებადობის მაჩვენებელი დაბალია 0-19 ასაკობრივ ჯგუფში. ასევე, ჩინეთში ჩატარებული კვლევების წინასწარი მონაცემებით, ოჯახში დაავადების გავრცელება ხდება მოზრდილებიდან ბავშვებზე და არა პირიქით.
მაშინ, როდესაც ორი ვირუსული დაავადების მიერ გამოწვეული სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია, მძიმე ავადობის შემთხვევაში გარკვეული თავისებურებები მაინც არსებობს. COVID-19-ის შემთხვევაში, შემთხვევების 80% მსუბუქი ან ასიმპტომურია, 15% მძიმედ მიმდინარეობს და ოქსიგენოთერაპიას საჭიროებს, ხოლო 5% კრიტიკულად მძიმეა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია არის აუცილებელი. ეს ნაწილი, მძიმე და კრიტიკული შემთხვევების, სავარაუდოდ უფრო მაღალი იქნება ვიდრე ეს შეიმჩნევა გრიპის შემთხვევაში.
გრიპით მძიმე ავადობის ყველაზე მაღალი რისკი არის ბავშვებში, ორსულებში, ხანდაზმულებში, თანმხლები დაავადებისა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში. COVID-19-ის შემთხვევაში, ხანდაზმული ასაკი და თანმხლები დაავადება ზრდის მძიმე ავადობის განვითარების რისკს.
COVID-19-ის ლეტალობა გრიპის ლეტალობაზე მაღალია, განსაკუთრებით სეზონურ გრიპთან შედარებით. COVID-19-ის ჭეშმარიტი სიკვდილიანობის დადგენას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ამჟამად არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სიკვდილობის უხეში მაჩვენებელი (ლეტალურად დასრულებული ანგარიშგებული შემთხვევები გაყოფილი სულ ანგარიშგებულ შემთხვევებზე) 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი (ლეტალურად დასრულებული ანგარიშგებული შემთხვევეის რაოდენობა გაყოფილი ინფიცირებულთა რაოდენობაზე) სავარაუდოდ უფრო დაბალი აღმოჩნდება. სეზონური გრიპის სიკვდილობა ჩვეულებრივ 0.1%-მდეა. ლეტალობა მეტწილად დამოკიდებულია ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობასა და მის ხარისხზე,“ - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად