პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა.
მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:
„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:
„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:
„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.
ყოველ შაბათ-კვირას სერიალის ფორმატის გაკვეთილები დაიწყება - „ტელესკოლა” მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
13 ივნისიდან, ყოველ შაბათ-კვირას „ტელესკოლა” მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ხუთი კვირის განმავლობაში, „ტელესკოლაში“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) გავა. პროგრამა, რომელიც წარმატებით გადაიცემოდა და გადაიცემა ჰონკონგში, მონტენეგროში, სერბეთში, თურქეთსა და ა.შ. ქვეყნებში, ქართველს მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდის ეფექტურად გამოიყენებს და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
სერიალის ფორმატის გაკვეთილები სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება და თანამედროვე ბრიტანულით, მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება.
ვიდეო გაკვეთილების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითოეულ გაკვეთილს ახლავს დამატებითი ონლაინ სავარჯიშოები, პასუხებით და თითოეული ვიდეოს სცენარით ( აღნიშნულის ნახვა შესაძლებელია ბრიტანეთის საბჭოს ონლაინ რესურსების გვერდზე შესაბამის განყოფილებაში http://learnenglish.britishcouncil.org/en/word-street )
აღნიშნული სერიებისთვის ექსპერტი რობ ლუისი ამზადებს ვიდეო მიმართვებს, სადაც დამატებით განმარტებებსა და მითითებებს აძლევს პროგრამის მაყურებლებსა და მოსწავლეებს.