პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა.
მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:
„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:
„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:
„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.
მასწავლებლის სახლი საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებისთვის კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს
ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა“ ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს 1,5 კრედიტიან (22 საკონტაქტო საათი) ტრენინგს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებლები შეძლებენ პროექტების ინტეგრირებას ენის სწავლების პროცესში.
„ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები დაგეგმავენ პროექტს პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი მახასიათებლებისა და პრინციპების და ასევე კომუნიკაციური მიმართულებების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით. მონაწილეები შეძლებენ შეარჩიონ ავთენტური შეფასება სასწავლო მიზნების შესაბამისად და გამოიყენონ განმავითარებელი შეფასების ტექნიკა პროექტების შეფასებისას. ასევე, ტრენინგის მონაწილე ინგლისური ენის მასწავლებლები შეარჩევენ კონკრეტულ ონლაინ რესურსებს ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული გზამკვლევიდან და დაგეგმავენ პროექტს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად. დავალებები და აქტივობები მთლიანად მოდის შესაბამისობაში ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოლოგიასა და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ინგლისური ენის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის. რეგისტრაცია ეტაპობრივად გამოცხადდება რეგიონების მიხედვით. ამჯერად ტრენინგზე რეგისტრაცია გამოცხადებულია საჩხერის რაიონის მასწავლებლებისთვის. ტრენინგი ჩატარდება ქალაქ საჩხერეში. ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ავტომატურად გაითიშება 25 ბენეფიციარის დარეგისტრირებისთანავე.