პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა.
მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:
„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:
„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:
„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.
„სასკოლო მზაობისთვის სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კითხვისა და წერის ცოდნას,“- მედეა ზირაქაშვილი
ბავშვთა ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ბავშვის სასკოლო მზაობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალიან ბევრი უნარის ერთობლიობა განსაზღვრავს:
„დღეისთვის სკოლისთვის მზაობას განიხილავენ სამგანზომილებიან ჭრილში. გარდა იმისა, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს გარკვეული უნარების ერთობლიობა, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მზაობა და ასევე სკოლის მზაობა. ბავშვის სასკოლო მზაობას განსაზღვრავს ძალიან ბევრი უნარის ერთობლიობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარება. წლების განმავლობაში მოსახლეობას ეგონა, რომ თუ ბავშვმა იცის წერა, იცის კითხვა, ეს იყო ერთადერთი წინაპირობა იმისა, რომ ის მზად იყო სკოლისთვის. აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მაშინ, როდესაც სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს.“
მედეა ზირაქაშვილის თქმით, სასკოლო მზაობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენობრივი უნარების განვითარებას:
„სასკოლო მზაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენობრივი უნარების განვითარება. მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ის რეცეპტული და ექსპრესიული უნარები, რომელიც დაეხმარება მას სკოლაში განათლების ეფექტიანად მიღებაში. არსებობს გარკვეული კოგნიტური უნარები, რომელიც უნდა ჰქონდეს ბავშვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს სწავლისადმი გარკვეული დამოკიდებულება: იყოს ცნობისმოყვარე, მაღალმოტივირებული, ჰქონდეს ქცევისთვის აუცილებელი წინაპირობა, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ გაჩერდეს სკამზე, იყოს მოტივირებული, შესძლოს ყურადღების კონცენტრირება, ჩაინიშნოს გაკვეთილები, მიაქციოს ყურადღება, რას ეუბნება მასწავლებელი. რა თქმა უნდა, უპირატესია ფიზიკური ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარებაც. ეს ასევე უნდა იყოს იმ უნარების ჩამონათვალში, რომელიც ბავშვს უნდა ჰქონდეს.“
„ძალიან დიდია ოჯახის როლი: როგორი აღზრდის სტილი აქვს ოჯახს? როგორია მშობლების განათლების დონე? რამდენად უწყობს მშობელი ხელს ბავშვის თუნდაც ფიზიკური ჯანმრთელობის განვითარებას? სკოლისთვის მზაობის შეფასება ჩვენ გვჭირდება არა იმიტომ, რომ ვთქვათ, ბავშვმა უნდა იაროს თუ არა სკოლაში, არამედ იმისთვის, რომ გამოვყოთ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა გვქონდეს შესაძლებლობა მოტივაციის ამაღლებით, კომფორტული, ადეკვატური გარემოს შექმნით, შევუქმნათ ბავშვს მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობა იმისთვის, რომ განივითაროს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მას სჭირდება ეფექტიანი სწავლისთვის,“ - აღნიშნულ საკითხებზე მედეა ზირაქაშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.