პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა.
მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:
„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:
„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:
„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.
„მშობლებს ვურჩევ, აღზარდონ ბავშვები იმედით, რომ უთუოდ კარგი შვილები გაეზრდებათ,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა 90 წლის იუბილეზე თავისი განვლილი ცხოვრება შეაფასა. მისი თქმით, ის ახლა აჯამებს ცხოვრებას და ამ სიმაღლიდან ბევრი რამის დანახვა შეუძლია:
„ამ სიმაღლიდან ძალიან ბევრი კარგი რამ სჩანს. ყველაფერს ვხედავ აქედან უკვე და რაღაცნაირად ვაჯამებ ცხოვრებას. ყველას ვუსურვებ, როგორც ჩემი ბებია იტყოდა ხოლმე: „ორი ჩემხელა მოიყარეთ.“ ყველა ბედნიერი იყოს, ვინც კი მაღალ ასაკს მიაღწევს. ძალიან კარგი განწყობა მაქვს. თითქოს ახლა უნდა დაიწყოს სხვა ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. იმ წლებში გადავდივარ, რომელიც ასისკენ მიდის. ორი-სამი წელიწადი კიდევ თუ შემრჩენია, ალბათ, რაღაცას გავაკეთებ. მე მახალისებს ჩემი ასაკი. არ ვამბობ, რომ მოხუცებული ვარ და დასნეულებული.“
შალვა ამონაშვილმა მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმით, მთავარია ბავშვი მშვიდ გარემოში გაიზარდოს:
„მოსწავლეებს, ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, ხანდახან დაუჯერონ უფროსებს. უფროსებმა ცხოვრების დიდი გზა გაიარეს, ეს გზა სიბრძნეში ჩამოყალიბდა. უფროსების სიბრძნე ძალიან აკლიათ ახალგაზრდებს. ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, ახლა 21-ე საუკუნეა და მისი ოციანი წლები. აღარაა დრო, როდესაც ბავშვებთან შევდიოდით შუბლშეჭმუხნული. გახსენით შუბლი, გაიხარეთ თქვენც და გაახარეთ ბავშვებიც. მიუტანეთ ბავშვებს სიცოცხლე. ბავშვები კი არ სწავლობენ, ცხოვრობენ. ასწავლეთ ცხოვრება სკოლაში. როგორ უნდა იცხოვრონ მომავალში, ახლა უნდა ისწავლონ თქვენი ხელშეწყობით. ამას ვურჩევდი მასწავლებლებს,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.