პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა.
მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:
„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:
„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:
„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.
„შესაძლებელია, სტატუსის ცვლილება ბაზაში მოგვიანებით აისახა, თუმცა შესაბამისი ბრძანება 10 რიცხვში იყო მზად“ - მასწავლებლის სახლი სახელფასო დანამატებზე
მასწავლებლებისათვის ახალი სტატუსის მინიჭება გასული კვირიდან დაიწყო. სტატუსშეცვლილი პედაგოგებისთვის იანვრის თვის სახელფასო დანამატის დარიცხვასთან დაკავშირებით თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ იანვარშივე დაირიცხებოდა, შემდეგ კი - თებერვალში.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დანამატის დარიცხვისას შემდეგი პრინციპით ხელმძღვანელობენ:
„თუ კონკრეტული თვის 10 რიცხვში ექნება პედაგოგს ახალი სტატუსი და ბაზაში დაფიქსირებული ექნება საათები, დანამატი დაერიცხება იმავე თვეს. ხოლო თუ სტატუსის ცვლილება მოხდება 10 რიცხვის შემდეგ, დამანატი შემდეგი თვიდან დაირიცხება,“ - აღნიშნეს სამინისტროში.
როგორც Moms.ge-ს მასწავლებლის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, შესაძლებელია, სტატუსის ცვლილება ბაზაში მოგვიანებით აისახა, თუმცა შესაბამისი ბრძანება 10 რიცხვში იყო მზად.
„რადგან პედაგოგთა სტატუსის ცვლილების ბრძანება 10 რიცხვით არის დათარიღებული, სტატუსშეცვლილი მასწავლებლები იანვრის თვის სახელფასო დანამატს ამ თვეშივე მიიღებენ. მათ ნაწილს დანამატი უკვე აესახა ბაზაში, ნაწილს კი ეტაპობრივად აესახება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.