პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა.
მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:
„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:
„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:
„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.
,,თქვენი შვილები მე-5 კლასიდან დაიწყებენ მეორე უცხოური ენის შესწავლას...'' - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა აღნიშნულის შესახებ?
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებს მიმართავს:
,,დაწყებითი კლასების მშობლების საყურადღებოდ! კონკრეტულად კი - მე-4 კლასის მშობლების საყურადღებოდ!
თქვენი შვილები მე-5 კლასიდან დაიწყებენ მეორე უცხოური ენის შესწავლას:
მეორე უცხოური ენა არჩევითია;
ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა;
სკოლამ აუცილებლად უნდა შემოგთავაზოთ არჩევანი მინიმუმ ორ უცხოურ ენას შორის (ინგლისური არ ითვლება, ისედაც სავალდებულოა პირველივე კლასიდან);
თუ მშობლების უმრავლესობამ აირჩია მაგ. გერმანული ენა, თქვენ კი გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს ფრანგული ენა, აქ 2 ვარიანტი გრჩებათ: ა) ფრანგული ენის მსურველების გარკვეული რაოდენობა მოგროვდეს თქვენი შვილის კლასშივე და სკოლამ დაგიდასტუროთ, რომ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ განაყოფებს სხვადასხვა ენა შესთავაზოს, ან ბ) პარალელურ კლასიდან/კლასებიდან მოგროვდნენ ფრანგული ენის მსურველი მშობლები/მოსწავლეები და ასე შეიკრას ფრანგული ენის ჯგუფი;
სკოლამ შეიძლება გითხრათ, რომ მათ არ ჰყავთ მაგალითად ფრანგულის მასწავლებელი და ამ მიზეზით ვერ შემოგთავაზებთ ამ ენას. სწორედ ამიტომ, ახლავე მოითხოვეთ ამ საკითხის გარკვევა. სექტემბრამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ სკოლამ გამოაცხადოს შესაბამისი საგნის მასწავლებლის ვაკანსია. ნუ, თუ მსურველი არ გამოჩნდა, ან ვერ შეირჩა, მაშინ შესაძლოა, დათანხმდეთ სკოლის მიერ შემოთავაზებულ არჩევანს, ან სხვა სკოლაში გადაიყვანოთ თქვენი შვილი, სადაც სწორედ ფრანგული ისწავლება.
დაბოლოს, თანდათან ძალიან პოპულარული ხდება იტალიური ენის სწავლება. რადგან იტალიის მთავრობა და საელჩო სკოლებს აქტიურად უჭერს მხარს. კერძოდ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, შესაბამისად მომზადებული მასწავლებლები, ასევე მცირე საგრანტო დაფინანსება სკოლებისთვის.
ამ ეტაპზე, იტალიის საელჩო გვთავაზობს შესაძლებლობას, მხოლოდ თბილისის მასშტაბით დამატებითი სკოლები ჩართოს პროგრამაში და სკოლების სურვილის შემთხვევაში მე-5 ან მე-10 კლასებში იტალიური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლებას დაუჭიროს მხარი.
სურვილის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ ორგანიზაციას „მინერვა“ (იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი იტალიის საელჩოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის) ხუთშაბათს, 17 მარტიდან, მაქსიმუმ პარასკევს 25 მარტამდე. (თბილისის რესურსცენტრებს აქვთ ეს ინფორმაცია ეკა ლეჟავასგან)
მშობლებო, იმედია, თქვენი შვილების მომავალ საგანმანათლებლო პერსპექტივებს (ამერიკულის გარდა) სწორედ ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხედავთ, სადაც შესაძლებელია საგრანტო დაფინანსების მოპოვება, თუკი ადგილობრივ ენაზე მიიღებს სტუდენტი განათლებას. ამდენად, თქვენს შვილებს აუცილებლად დასჭირდებათ ენის ფლობა აკადემიურ დონეზე. მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით შესაბამისი უცხოური ენის შესწავლა კარგი საფუძველია შემდგომში ხარისხიანი ევროპული განათლების მისაღებად.
ამიტომ მოითხოვეთ თქვენი შვილებისთვის საუკეთესო!'' - აღნიშნავს მარიამ ჩიქობავა.