ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ისმაილ ბადალოვი ოჯახის თქმით, კომატოზურ მდგომარეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს ეზოში თამაშის დროს ხელი კრეს, ის წაიქცა, თუმცა წამოდგა და თამაში გააგრძელა, მოგვიანებით კი შეუძლოდ გახდა. ბადალოვების ოჯახის მტკიცებით, ბავშვი სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, მოზარდს სამედიცინო დახმარება სახლში აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე კომაში ჩავარდა.
გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი გამოძიების დროულად ჩატარებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. მოზარდის მამის, იდაიფ ბადალოვის განცხადებით, მათთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, თუმცა პოლიცია მას არ აკავებს, რადგან არასრულწლოვანია. სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს მოზარდის თანასოფლელები, ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ისმაილს ხელი კრეს და ის დაეცა.
გარდაცვლილი მოზარდის ცხედარს წუხელ გვიან ღამით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის ბოლნისში სახლში უკვე გადაასვენეს.