Baby Bag

,,ჩემს შვილს აწუხებდა, ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ ცოლად არ გაჰყვებოდა..'' - რას ჰყვება ვახო ჭუმბურიძე ქალიშვილზე

,,ჩემს შვილს აწუხებდა, ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ ცოლად არ გაჰყვებოდა..'' - რას ჰყვება ვახო ჭუმბურიძე ქალიშვილზე

ყველასთვის კარგად ცნობილი ვახო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღწერს თუ როგორ ძალადობს ფსიქოლოგიურად, სრულწლოვანი ადამიანი მის 15 წლის ქალიშვილზე. გთავაზობთ ვახოს ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,გამარჯობა,
მე ვარ ვახო - თინის მამა!
ცოტას მოგიყვებით ჩვენ შესახებ თქვენის ნებართვით

თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მაკდონალდსში იმუშავა, რომელმაც იცის მეგობრის ფასი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს, კატა რომელიც გვყავს- გადაარჩინა სიკვდილს და მოუარა (ახლა უკვე 3 წელია სახლშია და განებივრებულია). უფრო პატარა იყო, როდესაც გეგმავდა სოციალურ პროექტებს და ბავშვებს ეხმარებოდა და რაც მთავარია, ერთ-ერთი თავისი დაბადების დღე თავისი სურვილით გადაიხადა ბავშთა სახლში.(რადგან უნდოდა რომ ბავშვები გაეხარებინა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მშობლების სითბოს )

მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ძალიან არ მოგაბეზროთ თავი.

ახლა მთავარი:

6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა და ნუ კიდევ ბევრი რამ რაც არ მინდა საჯაროდ გამოვიტანო. (რადგან არ მინდა კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა)

რა გავაკეთე მე როდესაც ეს ამბავი გავიგე?

-დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის ნაბიჭვარ შვილთან.
-დამთამხდა.
-შემდეგ დამირეკა და მითხრა რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა.
-კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად მივმართავ პოლიციასთქო.
-მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა "ბიძამ" და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ამ ადამიანმა ბევრი ბოდიშები მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ესეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ.
ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს პადიეზდთან ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილი, შეშინებული და კრუნჩხვებში.
-გამასწრო ამ ნაბიჭვარმა
-რა გავაკეთე?
-მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება.

აი აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება.

12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქატრიული ექსპერტიზა-ეგეც გავაკეთეთ არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს-წაშლის ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მიწერა ამ პერიოდში.
შედეგი არის -0
გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს პროკურორმაც დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო ამ შუამდგომლობით შევალთო. 

ესე გაღიმებული გამოვედით და მეორე დღეს ისევ პოლიციაში დაგვიბარეს, რომ თინი როგორც დაზარალებულად ეცნოთ.

პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი მომღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა ალბათ რომ იქვე ჩამედო მიწაში.
რა თქმა უნდა ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში, ეს ტიპი სხვა ოთახში ყავდათ სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ.
და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა ხან გვიღიმოდა-მიზანმიმართული პროვოკაციას ასრულებდა.

ეს ტიპი დღეს დადის ქუჩაში ცინიკური სახით:)

და მე რა გავაკეთე?

ისედაც დასტრესილი ბავშვი ვატარე 12 დღე განყოფილებაში ბებიასთან ერთად რადგან მე მოწმის სტატუსი მქონდა და ბებია უნდა ყოფილიყო არასრულწოვანის წარმომადგენელი.

-კარგი გასაგებია სჭირდება გამოძიებას, ცოტაც გავუძლოთ მამი და ესე ვამშვიდებდი. და ბოლოს რა მოხდა მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით.

ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, რომელიც ჩემი გაზრდილია ამას რომ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს ალბათ ყველა მიხვდება მე რისი გამკეთებელი ვარ-

ამიტომ მე დარწმუნებული არ ვარ ამ ნაბიჭვრის საქციელში შესაბამისად რამე რომ მოხდეს და მერე ვინ დამიცავს? 

გულის სიღრმეში ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც არასოდეს არ მექნება ვინმეს დაჭერის ან გამწარების, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელმა საქციელმა ჩამიკლა, როდესაც მის ავადმყოფურ გამომეტყველებას და ცინიკურ ღიმილს პირისპირ შევასკდი.

ამ საქმეს მე ესე ვერ დავტოვებ და არც ვიღაც ლანჩხუთელი მანიაკის შიშით ვერ ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს.

ან მოხდება ფაქტების სწორად დალაგება ან ნუ მაშინ მოვითხოვ თქვენს დახმარებას ვისაც როგორ შეგიძლიათ და ვისაც კონკრეტულად ესეთი ტიპის საქმეზე გიმუშავიათ.

(ფსიქოლოგი, ადვოკატი)

PS: რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს-მადლობა ამისთვის.

თუ თქვენ ვერ დამიცავთ - მომიწევს ჩემით თავის დაცვა და ეს სტატუსიც ბარემ აქ იყოს-წინასწარ საქმის კურსში გაყენებთ,'' - აღნიშნავს ვახო. 


შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ - ,,ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია"

როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ - ,,ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია"

​როგორ ვუხსნით ბავშვს გადაწყვეტილებას, რომ მშობლები უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, როგორ ვაწარმოებთ მათთან კომუნიკაციას და როგორ ვცდილობთ, ავუხსნათ ის რთული საკითხი, რასაც განქორწინება ჰქვია - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ელენე ჯაფარიძე საუბრობს.

,,განქორწინება რთული საკითხია და კიდევ უფრო რთულდება, როდესაც გიწევს ამის შესახებ ბავშვთან საუბარი. მაგრამ მაგრამ არსებობს რამდენიმე ფრაზა, რომლითაც უნდა დაიწყო ბავშვთან საუბარი და რაც მას ბევრად შეუმსუბუქებს იმ რეალობას, რომლის წინაშეც ის დგას. ფაქტია, ოჯახი იყოფა და ფაქტია, რომ დედა და მამა ერთად აღარ იცხოვრებენ, მაგრამ ის დასკვნები, რომლებიც ბავშვებს გამოაქვთ, ბევრად უფრო დრამატული და ტრაგიკულია, ვიდრე - რეალობა. 

პირველ ყოვლისა, ჩემი რჩევა იქნება, რომ პარტნიორებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ და შეარჩიონ ისეთი მომენტი ბავშვთან სასაუბროდ, როდესაც ორივე იქნება დამშვიდებული. აუცილებელია, ორივე მშობელი გაესაუბროს ბავშვს და ორივე მათგანმა ერთი და იგივე ინფორმაცია მიაწოდოს მას - ჩვენ გადავწყვიტეთ, დავშორდეთ. სასურველია, ეს მოხდეს ისეთ გარემოში და ისეთ დროს, როდესაც სხვა აქტივობა არ არის დაგეგმილი და იქნება საკმაო დრო გამოყოფილი იმისთვის, რომ საუბარი შედგეს მშვიდად და იყოს დრო, რათა ბავშვმა ეს ყველაფერი აღიქვას. 

ხშირად ხდება, რომ როდესაც წყვილი იწყებს ბავშვთან განქორწინების შესახებ საუბარს, ერთ-ერთი მშობელი ბევრად უფრო ემოციურია - შეიძლება, იტიროს, იჩხუბოს, ინერვიულოს, ასეთ დროს მეორე მშობელს მართებს, იყოს სიტუაციის გადამრჩენი. თუკი ერთი მშობელი ვერ ახერხებს, მეორემ მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. 

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც უნდა გაჟღერდეს ბავშვთან კომუნიკაციის დროს. პირველი ფრაზა არის, უთხრათ ბავშვს, რომ ეს არის ორივეს ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უთხარით ბავშვს, რომ ეს არის უფროსების გადაწყვეტილება და ის არანაირ კავშირში არ არის მასთან. აუხსენით, რას ნიშნავს დაშორება, რადგან ბავშვებს ხშირად არასწორი დასკვნები გამოაქვთ - მათ მიაჩნიათ, რომ რომელიმე მშობელი ტოვებს. თუკი არსებობს ბინა, რომელშიც რომელიმე მშობელი გადადის, სასურველია, ბავშვმა ნახოს ის და ჩაერთოს პროცესში. გაუმახვილეთ ბავშვებს ყურადღება იმაზე, რომ მშობლების დაშორება არ ნიშნავს, რომ მათი ოჯახი აღარ არსებობს. განუმარტეთ, რომ ის რუტინული საქმეები, რომლებსაც მასთან ერთად ასრულებდით, ყველაფერი მის ცხოვრებაში დარჩება და ერთობლივად განახორციელებთ. თუმცა, გაამახვილეთ ყურადღება, თუ რა შეიცვლება - თუკი აქამდე მამას მიჰყავდა სკოლაში და გარკვეული დღეების მანძილზე ეს ასე ვეღარ იქნება, აუხსენით, რადგან გაურკვევლობას ბავშვი საკუთარი ფანტაზიით შეავსებს, ბევრად უფრო დრამატულად. 

მნიშვნელოვანია, იყოთ მზად, რომ სხვადასხვა ბავშვს ამ საკითხზე აქვს განსხვავებული რეაქცია. თქვენ უნდა იყოთ მზად, ბავშვს აუხსნათ, რომ ეს პროცესი არის მტკივნეული, ნუ დახუჭავთ თვალს და ნუ შეამსუბუქებთ ამ პროცესს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბევრი რამ ხდება, მაგრამ შეუქმენით მას იმის მოლოდინი, რომ ამას ყველაფერს ერთად გადალახავთ. ბავშვები არ ზიანდებიან იმიტომ, რომ მშობლები უნდა განქორწინდნენ, ისინი ზიანდებიან იმიტომ, რომ მათთან არ აქვთ სწორი კომუნიკაცია. ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია", - განმარტავს ელენე ჯაფარიძე.

წაიკითხეთ სრულად