სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ლია ჩხენკელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი - განათლების სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის შესახებ დაწერილი კომენტარის ავტორზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარის ავტორი ლია ჩხენკელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ თითოეული მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელ ინფორმაციას, რომელიც თითქოს საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ არის დაწერილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული სოციალური ქსელის მფლობელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი,“ - განუცხადეს MomsEdu.ge-ს განათლების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ლია ჩხენკელი, რომელსაც ფეისბუქზე მითითებული ჰქონდა, რომ პედაგოგია (თუმცა ამ ამბის შემდეგ მის პროფილზე ყველანაირი ინფორმაცია წაშლილია) გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული „მთავარი არხის“ გადაცემის მსვლელობისას კომენტარებში წერდა: „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”.
მის ამ კომენტარს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რექცია მოჰყვა, რის შემდეგაც ლია ჩხენკელმა თავის ფეისბუქ გვერდზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, უწიგნურის ნაცვლად უწყინარი უნდა დაეწერა. თუმცა მისი ეს პოსტი უკვე წაშლილია.
ამ განმარტების შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი წერს, რომ ოჯახს და მთელს საზოგადოებას ძალიან დიდ ბოდიშს უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო:
„ოჯახს და მთელს საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათლივ ჩანს ყველა ჩემს სხვა კომენტარებში. ასე რომ, მე დავდე პოსტი, გამგები გაიგებს… მეტი რა გავაკეთო. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,“ - წერს ლია ჩხენკელი.
,,შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა''
,,შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფებისთვის:
„გუშინწინ შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა. დღეს ის უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში. ამიტომ, პირველ ეტაპზე, ეს 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფებისთვის. ესენი არიან, პირველ რიგში, ორსულები, მოხუცთა თავშესაფრების და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების - ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, ასევე, შიდსიანი ფა ჰეპატიტიანი და დიალიზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ უკვე, როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკჯგუფები - ესენი არიან, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მხედველობაში მაქვს ქრონიკული რესპირაციული დაავადებები და გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ. ამასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით კიდევ სახელმწიფომ 100 ათასი დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ისევ და ისევ ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.