„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
ლატარია მათთვის, ვინც ვაქცინას გაიკეთებს - დეტალები
საკოორდიაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ადამიანები, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, ლატარიაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
,,ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მლნ. 800 ათას ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურად, გარდა ამისა იქნება კვირაში ერთხელ შემაჯამებელი გათამაშება. ასევე იქნება წლის ბოლოს დამატებითი შემაჯამებელი გათამაშება და მისი საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარი იქნება. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი,'' - აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
კიდევ უფრო მეტ დეტალს ლატარიის კომპანიისგან შეიტყობს მოსახლეობა.