Baby Bag

სოციალურ ქსელებში ქალები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე კაცები

სოციალურ ქსელებში ქალები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე კაცები

სოციალურ ქსელებში აგრესიული და უხეში კომენტარები ყველას გვინახავს. ინტერნეტი ადამიანებზე ალკოჰოლივით ზემოქმედებს. სოციალურ ქსელებში ისინი ბევრად გამბედავები არიან, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. თანამედროვე ადამიანებს ისეთი განცდა აქვთ, თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაკარგეს: სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და საუბრის შესაძლებლობა. ინტერნეტი მათ შესაძლებლობას აძლევს ეს დანაკლისი შეივსონ. ონლაინ სივრცეში ერთმანეთთან საუბარი რეალურ ურთიერთობებს ანაცვლებს.

ინტერნეტში საუბრები გაცილებით უფრო აგრესიულ ფორმას იღებს, ვიდრე ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება. ადამიანები ერთმანეთს გულწრფელად ეუბნებიან ისეთ სიტყვებს, რომლებსაც პირისპირ საუბრისას არასდროს ეტყოდნენ. მეგობრებიც კი, რომლებსაც ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით, ინტერნეტით კავშირის დამყარებისას ურთიერთგაგებას მარტივად კარგავენ.

სოციალურ ქსელებში აგრესიული კომენტარების დაწერა და დაპირისპირების გამოწვევა უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. კვლევებით დგინდება, რომ ამ მხრივ ქალები გაცილებით აგრესიულები არიან, ვიდრე მამაკაცები. ყოველი ხუთი ნეგატიური პოსტიდან და კომენტარიდან ოთხი ქალბატონებს ეკუთვნით.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, ინტერნეტსივრცე საშიში სუბკულტურის შემოქმედად იქცა. ადამიანები მონდომებით ცდილობენ ერთმანეთს გული ატკინონ. ისინი არ ფიქრდებიან, რას წერენ და ხშირად არც იციან, რისი თქმა სურთ, როდესაც სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისთვის ინტერნეტს იყენებენ.

სოციალურ ქსელებში შექმნილ ჯგუფებშიც ქალბატონები აქტიურობენ. თუმცა ისინი მხოლოდ ნეგატიური კომენტარების წერით ნამდვილად არ არიან დაკავებულნი. ქალბატონები სოციალური ქსელის დახმარებით რეკომენდაციას უწევენ სხვადასხვა რესტორანს, სილამაზის სალონს, კაფეს და ა.შ. ისინი სიამოვნებით იღებენ რჩევებს თავის მოვლის, ბავშვის აღზრდის ან სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

სოციალურ ქსელებში ჯგუფებს ადამიანები ხშირად საქველმოქმედო მიზნითაც ქმნიან. ისინი ღარიბებს და მოხუცებს ეხმარებიან, მათ საკვებით, ძველი ავეჯითა და ტანსაცმლით ამარაგებენ. თუმცა მსგავს ჯგუფებშიც კი ზოგჯერ ადამიანები უხეშობითა და აგრესიით გამოირჩევიან. შესაძლოა, დედა, რომელიც ბავშვის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით რჩევის მიღებას ცდილობს, სასტიკად და დაუნდობლად გააკრიტიკონ. ხშირად ერთ კონკრეტულ პოსტს ათასობით კომენტარი აქვს და მათი უმრავლესობა ნეგატიურ ხასიათს ატარებს.

გამუდმებით სხვების გულისტკენაზე ორიენტირებული ადამიანები რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ. ისინი სულ იმის ცდაში არიან, რომ სხვებს განწყობა გაუფუჭონ. სოციალური ქსელების შემქმნელები ცდილობენ მათი მომხმარებლების ემოციებს და განცდებს გაუფრთხილდნენ, თუმცა ნეგატიური კომენტარების ავტორების სიმრავლე ყოველდღიურად იზრდება.

სოციალური ქსელების პრობლემა იმაშია, რომ ადამიანებს მათი დახმარებით აგრესიის გამოხატვა უმარტივდებათ. ამისთვის მხოლოდ ერთი კომენტარის დაწერაც საკმარისია. ნეგატიური კომენტარების უპასუხოდ დატოვება ადამიანების უმრავლესობას ძალიან უჭირს, რაც აგრესიას კიდევ უფრო აძლიერებს. არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა საკმაოდ რთულია. თუმცა თუ ყველანი პოზიტიური პოსტების შექმნაზე ვიქნებით ორიენტირებულები და ნეგატიურ ინფორმაციას უყურადღებოდ დავტოვებთ, აგრესიის დამარცხება უფრო გაგვიმარტივდება.

მომზადებულია ​bbc.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ გმირი ქალის აურელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც უკრაინაში 300 დევნილი ადამიანი შეიფარა:

„უკრაინის ყველაზე დიდ საერთო საცხოვრებელში ვიყავით. არ შემიძლია არ ვთქვა ქალბატონ აურელიაზე. რატომღაც მომინდა, რომ აქედან დიდი თაიგული წაგვეღო უკრაინის დროშების ფერით. ვიფიქრეთ, ვინმეს მივართმევთ-თქო. ქალბატონმა აურელიამ 300 ადამიანი შეიფარა. ეს ქალბატონი დიდი ურიკით დადიოდა ქუჩაში და რუპორით ყვიროდა: ვის გაქვთ საჭმელი, რომ დავაპუროთ ადამიანები? მე შევედი სამზარეულოში, სადაც მარიუპოლიდან და ხარკოვიდან დევნილი 300 ადამიანი იდგა საკვების რიგში. გამანადგურებელი სიჩუმე იყო.“

ქალბატონმა აურელიამ 90-იან წლებში მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის შვილს მაშინ მიღებული მძიმე ტრავმა დღემდე არ დავიწყებია.

„90-იან წლებში მოლდოვაში მომხდარი მოვლენების დროს ჩემი შვილი სამწლინახევრის იყო. დღეს ის უკვე 34 წლისაა. როდესაც წლების წინანდელ მოლდოვის ამბებს ვიხსენებთ, ახლაც კი კანკალებს. მომხდარმა მასზე კვალი დატოვა. როდესაც ვუყურებ ბავშვებს, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან, მახსენდება მოლდოვა. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან, მაგრამ მომხდარი არასდროს დაავიწყდებათ. ძალიან შეშინებულები არიან. ნებისმიერ, თუნდაც მცირე ხმაურზეც კი ტირილს იწყებენ, ცახცახებენ, დედებს ეძახიან. ეს საშინელებაა, მაგრამ მე არ მეშინია. ბევრი ნათესავი მყავს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს. ჩემი შვილები მთხოვენ, რომ დავტოვო უკრაინა, მაგრამ მე ვერ წავალ. ეტყობა, ჯერჯერობით ყველაფერი არ გამიკეთებია,“- აღნიშნა ქალბატონმა აურელიამ.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად