სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება
,,თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება,'' - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
,,ეს მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა და მსოფლიოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ ამ ოჯახებს, ბავშვებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რათა ორკვირიანი გაცდენა არ იყოს. ახალი რეგულაციები დაწესდა ბაღებისთვის. მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და შეიძინეს სხვადასხვა ინვენტარი. ყველა აღსაზრდელს ექნება თავისი ნივთი, ფანქრები, სათამაშოები და ა.შ. ის რეგულაციები, რაც იყო მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაქსიმალურად ყველაფერი არის გათვალისწინებული და ზედმიწევნით შესრულებული," - აღნიშნა კახა კალაძემ.