Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში,“- შალვა ამონაშვილი

„როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ადამიანის ცხოვრებაში კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„კულტურა ნიშნავს სინათლის თაყვანისცემას. სინათლე არის ყველაფერი კარგი ჩვენში, ადამიანში. კულტურა ადამიანთა ცხოვრების გზაა. ამ გზით უნდა იაროს ადამიანმა, კულტურის გზით. მან უნდა თაყვანი სცეს, აშენოს, ის, რაც ლამაზია. მწყინს, რომ ხანდახან ავიწროვებენ ამ სიტყვას, ავიწროვებენ მარტო ეთიკით, როგორ უნდა იდგე, იჯდე, ილაპარაკო. არიან ადამიანები, რომლებსაც თვითონ მოაქვთ კულტურა. ჩემთვის კულტურა, პირველ რიგში, ადამიანთა ურთიერთობის წესია.“

„რითი აღვზარდოთ ბავშვი? ჩვენი კულტურით. როგორი კულტურაც აქვს დედას, იმ კულტურას, ან ცოტა იმაზე მეტს ელოდოს თავის შვილში. კულტურული ადამიანი ვერავის ზიანს ვერ მოუტანს. მას არ შეუძლია, ვინმე დააზიანოს. უკულტურო კი ყველას დააზიანებს. ყველაზე კარგი იქნება, ჩავუფიქრდეთ ჩვენს კულტურას, ქცევა-ყოფას. იქ დავინახავთ, რა ვართ ჩვენ. როგორ მიყვარს მეზობელი, ეს ჩემი კულტურაა. რა აზრებით მიტრიალებს, ეს ჩემი კულტურა. არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ უკვე აღზრდილები ვართ. აღზრდას არ აქვს ბოლო. კანონი არის ასეთი: ბავშვის აღზრდის ჭეშმარიტება საკუთარი თავის აღზრდაშია. საკუთარი თავის კულტურა ბავშვის კულტურად იქცევა მერე. კულტურას სწავლა უნდა და არ უნდა გვეზარებოდეს, რომ მართლა კულტურული ადამიანები ვიყოთ და არ ავიფაროთ კულტურული ხალხის ნიღბები,“- აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

წაიკითხეთ სრულად