Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბაღის ასაკიდან უნდა დაიწყოს ემოციების რეგულირებაზე მუშაობა,“ - ფსიქოლოგი თიკო ზენაიშვილი

ფსიქოლოგმა თიკო ზენაიშვილმა ბავშვისთვის ემოციების რეგულირების სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სამი წლის ასაკში ბავშვი იწყებს ემოციების ფართო სპექტრის გაცნობას. მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ მივაწვდით მას ამას. ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი სიტყვები: „ნუ გეშინია.“ სამი წლის ასაკში ბავშვი შიშსაც გრძნობს უკვე. ჩვენ ვეუბნებით: „ნუ გეშინია.“ ეს არ არის სწორი. შიში გავაცნოთ ბავშვს, როგორ შეეშინდა, რისი შეეშინდა. ვეცადოთ, გაიცნოს შიში ბავშვმა, გაუშინაურდეს. ეს არის ემოციური ინტელექტი. ემოციის გადაკეთება არ ხდება, ხდება მართვა. ბავშვი რომ წაიქცევა და ტირის, ვეუბნებით: „ნუ ტირი,“ „ბიჭები არ ტირიან.“ ეტკინა? ტკივილზე ვესაუბროთ ბავშვს, როგორი იყო ეს ტკივილი, ძლიერი თუ სუსტი, სად ეტკინა, რომ ბავშვმა გაიცნოს თავისი ემოცია.

ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ გაიცნოს ემოცია, შეიცნოს ის და მიიღოს მისგან სარგებელი. ზიზღი რომ იგრძნო ბავშვმა, მოდი, ვესაუბროთ ამის შესახებ, რატომ და როგორ მოხდა. ბაღშიც ეს უნდა ხდებოდეს. ვიღაც სათამაშოს რომ წაართმევს, ბუნებრივია ბავშვი გაბრაზდება. ჩვენ ვეუბნებით: „არაუშავს, მიეცი, დაუთმე.“ არ ვაძლევთ მას ემოციის გამოხატვის საშუალებას. მეტი ხომ არაფერი უნდოდა ბავშვს? უნდოდა გაგება და მოსმენა. სწორედ ბაღის ასაკიდან უნდა დაიწყოს ემოციების რეგულირებაზე მუშაობა. თუ ბავშვი რაღაცაზე გაბრაზდა და ტირის, არ ვეუბნებით: „არაუშავს, გოგოა და დაუთმე, არ იტირო.“ ვკითხოთ: „რა იგრძენი?“ გრძნობებისკენ მივახედოთ. ვიყოთ გამგები მისი გრძნობისა და არა გამოხატული რეაქციების,“- მოცემულ საკითხზე თიკო ზენაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“ 

წაიკითხეთ სრულად