Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„შფოთვის ხარისხის დასაქვეითებლად ბავშვებს სჭირდებათ ადეკვატური რაოდენობით თუთია,“- მარი მალაზონიას რეკომენდაცია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვებში შფოთვის ხარისხის დასაქვეითებლად სასარგებლო პროდუქტები დაასახელა:

„მე ვისაუბრებ იმ პროდუქტებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. შფოთვის ხარისხის დასაქვეითებლად ბავშვებს სჭირდებათ ადეკვატური რაოდენობით თუთია. ეს ელემენტი დაასახელეს პირველ ადგილზე იმ ქიმიური რეაქციების გამო, რომელიც წინ უძღვის შფოთვას. თუთიის წყარო არის სხვადასხვა სახის თხილეული, თევზეული, სხვადასხვა სახის თესლი: გოგრის, მზესუმზირის. ასევე მნიშვნელოვან წყაროდ გამოყვეს სხვადასხვა სახის B ჯგუფის ვიტამინი: B1, B6, B12 ვიტამინი. B ჯგუფის ვიტამინის წყაროდ შეგვიძლია დავასახელოთ სხვადასხვა ჯგუფის მარცვლეული, ბურღულეული: ბრინჯი, შვრია, პარკოსნები.

საგანგებოდ უნდა გამოვყოთ რკინის შემცველი პროდუქტები, უპირველეს ყოვლისა, წითელი ხორცი, რომელიც სწორი გამოყენების შემთხვევაში მოზარდ ორგანიზმს და მის ტვინს სჭირდება. ახლა, სეზონზე ჩვენს მიწაზე მოყვანილი ატამი კარგია, ისპანახი კარგია. არ დაგვავიწყდეს D ვიტამინი, რომელიც არის თევზეულშიც და რძის ნაწარმშიც. უნდა გავითვალისწინოთ ომეგა 3, რომელიც არის თევზეულში. რაც მთავარია, გავითვალისწინოთ მზა სახით ჩვენი მეგობარი ბაქტერიები, ანუ პრობიოტიკები, მათთვის საკვები პრებიოტიკები და მათი გარდაქმნის პროდუქტები - პოსტბიოტიკები. ეს არის ის ძირითადი ჯგუფები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მარცვლეულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაგნიუმის როლის გათვალისწინება, რომელიც ბავშვებში შფოთვის ხარისხს აქვეითებს,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად