Baby Bag

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი მკაცრი ჩაკეტვები და შეზღუდვები აღარ იქნება“ - გიორგი გახარია

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი მკაცრი ჩაკეტვები და შეზღუდვები აღარ იქნება“ - გიორგი გახარია

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც ყველგან, მთელს მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანაა ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. დღეს ჩვენ ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე, მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები", შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა სწორედ იმიტომ იყო მიღებული, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ათობით მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ დრო უნდა მოგვეგო,“ - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.

„ეს ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში - ვირუსის რისკების მართვა, ვირუსის დროში გავრცელების მართვა, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, აღვადგინოთ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. ვიდრე გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვებით რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს ეკონომიკის აღდგენის პროცესი, შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებები არ იგეგმება: 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე მობილობა დავაგდეთ, ქვეყანაში აღარ განმეორდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეის მდგომარეობით პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, ეკონომიკური აღდგენის სისწრაფე და ამავე დროს, მოქალაქეების ჯანმრთელობასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ყველა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ლია ჩხენკელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი - განათლების სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის შესახებ დაწერილი კომენტარის ავტორზე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ლია ჩხენკელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი - განათლების სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის შესახებ დაწერილი კომენტარის ავტორზე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარის ავტორი ლია ჩხენკელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი

„​საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ თითოეული მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელ ინფორმაციას, რომელიც თითქოს საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ არის დაწერილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული სოციალური ქსელის მფლობელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი,“ - განუცხადეს ​MomsEdu.ge-ს განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ლია ჩხენკელი, რომელსაც ფეისბუქზე მითითებული ჰქონდა, რომ პედაგოგია (თუმცა ამ ამბის შემდეგ მის პროფილზე ყველანაირი ინფორმაცია წაშლილია) გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული „მთავარი არხის“ გადაცემის მსვლელობისას კომენტარებში წერდა: „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”. 

მის ამ კომენტარს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რექცია მოჰყვა, რის შემდეგაც ლია ჩხენკელმა თავის ფეისბუქ გვერდზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, უწიგნურის ნაცვლად უწყინარი უნდა დაეწერა. თუმცა მისი ეს პოსტი უკვე წაშლილია. 

ამ განმარტების შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი  წერს, რომ ოჯახს და მთელს საზოგადოებას ძალიან დიდ ბოდიშს უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო:

„ოჯახს და მთელს საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათლივ ჩანს ყველა ჩემს სხვა კომენტარებში. ასე რომ, მე დავდე პოსტი, გამგები გაიგებს… მეტი რა გავაკეთო. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,“ - წერს ლია ჩხენკელი.

წაიკითხეთ სრულად