Baby Bag

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელიც კოვიდ 19-ს ებრძვის, მორიგ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო... ამიტომ მოგიყვებით რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის - ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია ამ ყველაფერში მოხვდე და მენატლურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი, სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს, მოკლედ შელოცვამდე გავუძელი.

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა თითქოს მარტო ვარ. მგონია, რომ ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე რომ სხვა ადამიანებიც არიან, მხოლოდ კარებთან დატოვებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს რა დრო დაჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ, მთხოვა არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი,'' - აღნიშნავს თეონა ცხომელიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​„შეწყვიტეთ ნიღბების შეძენა!“ - ამერიკის მთავარი ქირურგის მოწოდება

​„შეწყვიტეთ ნიღბების შეძენა!“ - ამერიკის მთავარი ქირურგის მოწოდება

კორონავირუსის გავრცელების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ქირურგი მოსახლეობას მიმართავს და საზოგადოებას ურჩევს, რომ სამედიცინო ნიღბების შეძენა შეწყვიტოს.

ექიმმა ჯერომ ადამსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხალხს დამშვიდებისკენ მოუწოდა:

„ადამიანებო, სრული სერიოზულობით გეუბნებით, შეწყვიტეთ ნიღბების შეძენა! მათ არ აქვთ საზოგადოების კორონავირუსისგან დაცვის უნარი. მარაგის ნაკლებობის გამო ექიმები ნიღბებს ინფიცირებულ პაციენტებს თუ ვერ მიაწვდიან, ეს მოსახლეობას და მედიკოსებს უდიდესი რისკის წინაშე დააყენებს. ხელების რეგულარული დაბანა, შეუძლოდ ყოფნის დროს სახლში დარჩენა და სხვა ყოველდღიური პრევენციული ღონისძიებების გატარება თქვენ ნიღბებზე უკეთ დაგიცავთ,“ - წერს ჯერომ ადამსი.

ამერიკის მთავარი ქირურგი მოსახლეობას გრიპის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, გრიპით ინფიცირებულთა რიცხვის შემცირება კორონავირუსის დამარცხების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. ჯერომ ადამსის პოსტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო ნიღბების შეძენის ერთგვარ ბუმს უკავშირდება. კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, ადამიანებმა პირბადეების შეძენა დაიწყეს. ისინი თვლიდნენ, რომ ამ გზით ვირუსისგან თავის დაცვას შეძლებდნენ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები მოსახლეობას ყოველდღიურად აფრთხილებდნენ, რომ ნიღაბი ადამიანს ვირუსისგან ვერ დაიცავს. იგივე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა პირბადეების შეძენას აქტიურად განაგრძობს.

ჯერომ ადამსის თქმით, ნიღბების მარაგის ამოწურვის საფრთხე დიდია. თუ პირბადეების რაოდენობა ამოიწურება, სამედიცინო პერსონალი მათ შეძენას ვეღარ შეძლებს, რის გამოც მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უდიდესი რისკის წინაშე დადგება. მედიცინის დოქტორმა უილიამ შეფნერმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნიღბების შეძენისკენ მიდრეკილება ფსიქოლოგიური მოვლენაა: „კორონავირუსი გვიახლოვდება, ჩვენ კი თავს დაუცველად ვგრძნობთ. ნიღბის ტარება იმედს გვისახავს და ფოკუსის გადატანაში გვეხმარება,“ - განაცხადა უილიამ შეფნერმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო ნიღბების დეფიციტია. ადამიანებს მათი შეძენა უჭირთ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები მოსახლეობას რესპირატორული ვირუსების პრევენციის მიზნით შემდეგი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ:

  • მოერიდეთ დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს;
  • არ შეეხოთ ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს;
  • დარჩით სახლში, როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობთ;
  • დახველების ან დაცემინების დროს სახეზე ხელსახოცი აიფარეთ, შემდეგ კი აღნიშნული ხელსახოცი ნაგვის ურნაში ჩაააგდეთ;
  • რეგულარულად გაასუფთავეთ იმ საგნების ზედაპირი, რომლებსაც ხშირად ეხებით;
  • ​ხელები საპნითა და თბილი წყლით ხშირად დაიბანეთ. ამისთვის სულ ცოტა 20 წამი მაინც დაგჭირდებათ. ხელების დაბანა აუცილებელია საჭირო ოთახით სარგებლობის შემდეგ, ჭამამდე, დახველების ან დაცემინების შემდეგ;
  • საპონი და თბილი წყალი თუ არ გაქვთ, ისეთი ხელის გამწმენდი სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენეთ, რომლებსაც 60%-ზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობა აქვთ. თუ ხელი შესამჩნევად დასვრილი ან გაჭუჭყიანებულია, აუცილებლად დაიბანეთ.

მომზადებულია ​cnn.com-ის მიხევდით

თარგმნა ია ნაროიშვილმა​

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად