Baby Bag

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელიც კოვიდ 19-ს ებრძვის, მორიგ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო... ამიტომ მოგიყვებით რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის - ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია ამ ყველაფერში მოხვდე და მენატლურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი, სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს, მოკლედ შელოცვამდე გავუძელი.

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა თითქოს მარტო ვარ. მგონია, რომ ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე რომ სხვა ადამიანებიც არიან, მხოლოდ კარებთან დატოვებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს რა დრო დაჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ, მთხოვა არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი,'' - აღნიშნავს თეონა ცხომელიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მცირეწლოვანი ბავშვი თამაშობდა და თვითდაზიანება მიიღო მაკრატლით გულმკერდის არეში“ - შემთხვევა მარნეულში

„მცირეწლოვანი ბავშვი თამაშობდა და თვითდაზიანება მიიღო მაკრატლით გულმკერდის არეში“ - შემთხვევა მარნეულში

მარნეულში სამ წლამდე ასაკის ბავშვი დაშავდა. ბავშვს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა აღენიშნება. იგი მარნეულის საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მარნეულის საავადმყოფოს ექიმის, სულეიმან კარსკოვის განმარტებით, ბავშვი საავადმყოფოში დედამ მიიყვანა.

„ბავშვი დედამ შემოიყვანა. მისივე განმარტებით, ბავშვი თამაშობდა და მიიღო თვითდაზიანება მაკრატლით. ჭრილობა აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა არეში. გაეწია შესაბამისი კონსულტაცია და გადაყვანილ იქნა იაშვილის კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო სტაბილური“, – აცხადებს ექიმი სულეიმან კარსკოვი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამ ორი წლის მოზარდს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატლით, რომელიც სავარაუდოდ, ხელში ეჭირა, თვითდაზიანება მიიღო.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

წაიკითხეთ სრულად