Baby Bag

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სკოლის სამედიცინოპერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს, მათ შორის, სკოლის ექიმის ტრენინგებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შეიძლება დაინტერესდეთ

აცრა ნებაყოფლობითია! - ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია

აცრა ნებაყოფლობითია! - ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია
პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზადება და ეროვნული გეგმის აღსრულება კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის წევრებთან განიხილა.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზადება და ვაქცინაციის ეროვნული გეგმის აღსრულება განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც ცნობილია, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ამ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. შესაბამისი მონაცემების შეგროვება სპეციალურ პორტალზე უკვე დაწყებულია.

სპეციალური კომისიის წევრებმა ისაუბრეს იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც ვაქცინის პირველი დოზების მისაღებად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შერჩეულია 10 საავადმყოფო და დამატებით 5 სარეზერვო კლინიკა, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება - ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს. თითოეული აცრის შემდეგ, ბენეფიციარს მეორე ინექციისთვის 3 კვირის შემდეგ დაიბარებენ. როგორც შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, 40 ბრიგადა დღის განმავლობაში 1 000-მდე ადამიანის აცრას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებით 14 ათასი მედიკოსის აცრას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

ამასთან, პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განიხილეს Pfizer-ის ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელი განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმის, ე.წ ცივი ჯაჭვის კუთხით არსებული მზადყოფნა. აღინიშნა, რომ მიღებული ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი, ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმი - მინუს 70-80 გრადუსი.

ამასთან, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა. შესაბამისად, გაგრძელდება პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფის - სამედიცინო პერსონალის აცრა; მათ მოჰყვებიან ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები და პერსონალი, ხოლო შემდეგ - ასაკობრივი გრადაციით განსაზღვრული პირები და სხვა ჯგუფები.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. აცრა ნებაყოფლობითია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, ვაქცინის პირველი დოზების მიღებისთანავე ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით ასევე განისაზღვრა აცრების ჩატარებასა და ვაქცინის ლოგისტიკაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირები.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელ წარმართვას, რაც ეკონომიკის გახსნის, სწრაფი აღდგენის და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

წაიკითხეთ სრულად