Baby Bag

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სკოლის სამედიცინოპერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს, მათ შორის, სკოლის ექიმის ტრენინგებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შეიძლება დაინტერესდეთ

აჭარისა და საქართველოს 10 ქალაქის სკოლებში პირველი სემესტრი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

აჭარისა და საქართველოს 10 ქალაქის სკოლებში პირველი სემესტრი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონსა და 10 ქალაქის სკოლებში 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

​აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად