Baby Bag

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სკოლის სამედიცინოპერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს, მათ შორის, სკოლის ექიმის ტრენინგებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ კოვიდი დაგიდასტურდათ, იმის ალბათობა, რომ მას მსუბუქად გადაიტანთ, არის ბევრად მეტი, ვიდრე - დამძიმების“ - მამუკა მაჩაიძე

„თუ კოვიდი დაგიდასტურდათ, იმის ალბათობა, რომ მას მსუბუქად გადაიტანთ, არის ბევრად მეტი, ვიდრე - დამძიმების“ - მამუკა მაჩაიძე

ამერიკაში (ჰოპკინსის უნივერსიტეტში) მოღვაწე ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი მამუკა მაჩაიძე სახლში კოვიდით მკურნალობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის სტატუსს უცვლელად:

„პირველ რიგში, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ, იმის ალბათობა, რომ მას მსუბუქად გადაიტანთ, არის ბევრად მეტი, ვიდრე დამძიმების ალბათობა; ამასთანავე, მსუბუქი დაავადებით კლინიკაში მისვლით განსხვავებულ მკურნალობას დიდი ალბათობით არ მიიღებთ.

ბუნებრივია, კონტაქტზე უნდა იყოთ თქვენს ექიმთან (როგორც ჩანს, კონტაქტზე გასვლა და რჩევის მიღება ხშირად ვერ ხერხდება) ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით.
მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (გულის უკმარისობა არის ერთ-ერთი გამონაკლისი, როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ სითხეების მიღებისას).
არ დალიოთ სიცხის დამწევი თუ ტემპერატურა არის 38.3°-ზე დაბალი.
იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი - ოთახში იარეთ, ბუქნები აკეთეთ, ყველაფერი, რაც ფეხის კუნთებს აამუშავებს - ნუ დალევთ ასპირინს (ან ნებისმიერ „სისხლის გამათხელებელს“) თვითნებურად, თუ უკვე გამოწერილი არ გაქვთ ექიმისგან სხვა ჩვენებით.

​რა სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში ვრეკავთ 112-ში:
 სუნთქვის გართულება; გულ-მკერდის გახანგრძლივებული ტკივილი/მოჭერის შეგრძნება, გონების დაბინდვა, სახის ან ტუჩების გალურჯება.

​კოვიდი და დ ვიტამინი: ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კველვა არსებობს დ ვიტამინსა და გრიპის ვირუსის სიმძიმის/სიკვდილიანობის შესახებ; მინიმუმ ორმა კვლევამ აჩვენა კავშირი დ ვიტამინის დეფიციტსა და კოვიდის მძიმე მიმდინარეობას შორის (რესპირატორული დისტრესი და სიკვდილიანობა); ამიტომ, თუ იცით, რომ დ ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, განაგრძეთ ვიტამინის მიღება, სხვა შემთხვევაში დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს.

​თუ თქვენ ხართ კოვიდდადასტურებული ან საეჭვო პაციენტის მომვლელი: გაიკეთეთ ნიღაბი პაციენტთან კონტაქტისას, ხშირად დაიბანეთ ხელები; თუ არის საშუალება, სასურველია, პაციენტს ჰქონდეს გამოყოფილი ოთახი, სააბაზანო, თეთრეული და ჭურჭელი, რომელიც ცალკე გაირეცხება და ზედაპირები გასუფთავდება სადეზინფექციო საშუალებით, რეზინის ხელთათმანის გამოყენებით; ბუნებრივია, მნახველის ვიზიტი ამ დროს არ უნდა მოხდეს.

​არც ერთი ტესტი და არც ერთი ექიმი სრულყოფილი არ არის! თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან და გაქვთ ტიპური სიმპტომები, უარყოფითი ტესტის შემთხვევაშიც ეს რეკომენდაციები არის დასაცავი,“ - წერს მამუკა მაჩაიძე.

წაიკითხეთ სრულად