Baby Bag

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სკოლის სამედიცინოპერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს, მათ შორის, სკოლის ექიმის ტრენინგებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შეიძლება დაინტერესდეთ

1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახიდან გააგრძელებენ სწავლას

1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გააგრძელებს სწავლას,“ - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

წაიკითხეთ სრულად