Baby Bag

,,მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა'' - ზურაბ გურული

,,მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა'' - ზურაბ გურული

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი სოციალურ ქსელში კორონავირუსზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,პლანეტის ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი ავად არის ვირუსით. 48 საათი გავიდა და პლანეტის წამყვანი ექიმების გუნდს არ შეუძლია გადაჭრით განაცხადოს რა პროგნოზი ექნება დაავადების განვითარებას. რა ლოგიკური დასკვნა შეიძლება გამოიტანოს ამ ფაქტიდან მოაზროვნე ადამიანმა?
ფრიად მარტივი. 9 თვე გავიდა და მსოფლიოს სამედიცინო ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გამოთვალა ვირუსის მოქმედების ლოგიკა.
ანუ, ვირუსი კვლავ შეუცნობელია და შეუცნობელმა კი იცის შიში. სწორედ ეს არის მსოფლიო პანიკის საფუძველი და არა ნაირნაირი შეთქმულების თეორიები.
მახსენდება ჩემი მეგობარისა და კოლეგის,ბრწყინვალე პროფესიონალის, ნანა გეგეჭკორის მონათხრობი. მისი პროგრამის დირექტორი, მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტთა მოვლა-მკურნალობა არ დაკლებია.
ამავე დროს, დავირუსებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას უმტკივნეულოდ გადააქვს ეს ავადმყოფობა.
ძალიან ბევრი რამ ასწავლა და კიდევ ბევრს ასწავლის კორონა მსოფლიოს. უპირველეს ყოვლისა ალბათ თავმდაბლობას სამყაროს წინაშე.
საოცრად გონებაშეზღუდული რომ არის ადამიანთა პლანეტა, საოცარ გონებაგახსნილობასთან ერთად, ესეც ძალიან საცნაური გახდა.
ჩემმა ფავორიტმა მენტორმა, პროფესორმა ფოქსმა მითხრა ერთელ: - სანამ საოპერაციოში შეხვალ, თავმოყვარეობა შეიხსენი, კართან ჩამოკიდე და ოპერაციაზე პირველყოფილი თავმდაბლობით შედი, რადგან შესაძლოა მაინცდამაინც იმ დღეს მოუნდეს განგებას შენთან გახუმრებაო-.
მართლაც არავინ იცის როდის არის ბედისწერა ხუმრობის ხასიათზე და ამიტომ ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ქორწინების რეგისტრაციისას დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი - ბრძანება

ქორწინების რეგისტრაციისას დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი - ბრძანება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის დროებითი წესები განისაზღვრა.

ბრძანების თანახმად, სააგენტოს სერვისები ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის მეშვეობით, რაც, თავის მხრივ, ხორციელდება წინასწარ დაჯავშნის გზით მოქალაქის პორტალზე – my.gov.ge.

ამავე ბრძანებით განისაზღვრა, ვის შეუძლია ქორწინების რეგისტრაციისას დასწრება. დოკუმენტის თანახმად, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ:

  • მათი მშობლები;
  • მოწმეები;
  • ერთი ფოტოოპერატორი. 


​ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.

იუსტიციის მინისტრის ბრძანების ამ მუხლის ამოქმედებამდე სააგენტო ქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და ადგილზე მომსახურების (შენობის გარეთ მომსახურება) გარეშე.

ეს ბრძანება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, მოქმედებს 2020 წლის 15 ივლისამდე და ვრცელდება 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ამავე ბრძანებით, ეს დროებითი წესი იმოქმედებს:

ა) თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 29 მაისიდან;

ბ) ქ. თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 31 მაისიდან.

წაიკითხეთ სრულად