„სინამდვილეში, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საყურადღებო პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის სტატუსს სიტყვა-სიტყვით:
„სულ მიკვირს, რატომ უყვართ ჩვენთან ასე ძალიან წამლები, მათ შორის „გადასხმები“. წლებია ჭიდაობა მაქვს პაციენტებთან, რომ უმრავლეს შემთხვევაში გადასხმა არ ჭირდებათ და ხშირად მაინც არ მიჯერებენ და ისხამენ და ისხამენ ვენაში წყალს (ფაქტიურად), იმის მაგივრად, რომ ონკანი მოუშვან და დალიონ.
ყოველ დღე გადიან ჩემი ოთახიდან უკმაყოფილო პაციენტები, რომ წამალი არ დავუნიშნე. ზოგი ამას პიდაპირ მეკითხება გაოცებული, ზოგსაც გამოხედვაზე ვატყობ უკმაყოფილებას, წამლის გარეშე რომ ვუშვებ. კიდევ უფრო მეტად არ მოწონთ ხოლმე, როცა ვკადნიერდები და სხვების დანიშნულ წამლებს ვუხსნი (არადა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სრულიად არასაჭირო წამლებია დანიშნული).
ეს ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ იგივე ხდება კოვიდის მქონე პაციენტებთან. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ახლა სახლშია ამ დიაგნოზით, მირეკავს და რჩევეებს მეკითხება. ჰოდა, ახლაც უკმაყოფილოები მრჩებიან იმით, რომ წამლებს არ ვუნიშნავ ან იშვიათად ვუნიშნავ. ბევრი თავისით იწყებს მკურნალობას, მაგალითად, დექსამეტაზონით და ანტიბიოტიკებით. ასე არ შეიძლება, მათ გამოყენებას თავისი დრო და ჩვენება აქვს და შეიძლება საქმე გაკეთების ნაცვლად გავაფუჭოთ.
თუმცა ამ პაციენტებმაც რა ქნან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ესმოდათ, რომ კორონას დადასტურების შემდეგ სულერთი იყო, რამე აწუხებდა ადამიანს თუ არა, მაინც საავადმყოფოში აწვენდნენ და თავს იწონებდნენ სხვადასხვა პრეპარატის გამოყენებით. რა წამალი აღარ გაჟღერდა - პლაქვენილი, კალეტრა, რიბავირინი... ახლა რეკონვალესცენტ პლაზმა, მონოკლონური ანტისხეულები, რემდესივირი. კი ბატონო, უამრავი წამლის გამოცდა მიმდინარეობს და იმედია ზოგიერთი მათგანი გაამართლებს, მაგრამ არ შეიძლება ამდენი კეკლუცობა იმ წამლებით, რომლებიც ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულ ფაზაშია. თავის დროზე პლაქვენილზე რამე კითხვას თუ დავსვამდით, თუნდაც მორიდებულად, სამშობლოს მოღალატეებად გვაცხადებდნენ. ახლა იგივეა რემდესივირთან დაკავშირებით. ამიტომ რა ქნან ამ პაციენტებმაც, მიეჩვივნენ, რომ რაღაც მქუხარე დასახელების წამლები უნდა გაგიკეთდეს, თუ კოვიდი გაქვს. ახლა კი ვეუბნებით, მხოლოდ წყალი და სიცხის დამწევები მიიღეო. დაიბნენ ადამიანები.
ამ ხმაურიან პრეპარატებზე დროის დაკარგვის მაგივრად ეს დრო რომ სხვა უფრო სასარგებლო, მოსამზადებელ სამუშაოებზე დაგვეხარჯა, ასევე ბინაზე მოვლის რეჟიმზე ნელ-ნელა და მშვიდად გადავსულიყავით, როცა ერთეული შემთხვევები იყო, ახლა ფორს-მაჟორში არ მოგვიწევდა ამის გაკეთება და ადამიანებიც მიჩვეულები იქნებოდნენ იმ ფაქტს, რომ კოვიდის დიაგნოზით სახლშიც შეგიძლია დარჩე და საავადმყოფო და წამლები უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ გჭირდება.
სინამდვილეში, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები. ასეთი რეალობის წინაშე ვართ ამ ეტაპზე. თუმცა ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში ჯადოსნური გამოსავალია სითხეების მიღება (დასალევად და არა ვენაში) და მოძრაობა. სიცხის დამწევებიც საჭიროების შემთხვევაში.
ახლა ვიცი, ბევრი გაღიზიანდება და ფიქრობს, აბა რა ვქნათ, ექიმს თუ ვერ ვუკავშირდებითო. ყველას გვაქვს გაცნობიერებული, რომ უამრავი საორგანიზაციო პრობლემებია, მაგრამ აქედან გამოსავალი თვითნებური მკურნალობა არ არის. გავაგრძელოთ მცდელობა ოჯახის ექიმებთან კონტაქტის დამყარების და დავუჯეროთ.
და რაც მთავარია, საუკეთესო წამალია სიმშვიდე!!! შფოთვას და პანიკას სიკეთე არ მოაქვს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს არ ვაპირებთ
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, თამადად შეიძლება თქმა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მართვადია.
როგორც ნათია მეზვირშვილმა აღნიშნა, არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„დღეს გამოვლინდა 218 შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ორი მოქალაქე. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს თამადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. შეიძლება იყოს მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ რეგიონში ეპიდვითარებაზე. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ შემთხვევების ზრდა იქნებოდა მას შემდეგ რაც ეკონომიკური შეზღუდვები შევამსუბუქეთ. ბუნებრივია, ის ყველაფერი რაც ხდება, შემთხვევების მატება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ წესების დაცვისკენ, ეკონომიკის შეზღუდვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს და ამაზე თამამად ვსაუბრობთ. ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და პირბადე ატაროს არამხოლოდ შენობაში, არამედ მის გარეთაც, სადაც ადამიანები ახლოს არიან ერთმანეთთან,'' -განაცხადა მეზვრიშვილმა.