კოვიდინფიცირებული პაციენტი კატერინა მიქელაძე სოციალურ ქსელში იმ კლინიკაში არსებულ სიტუაციას აღწერს, სადაც თავად მკურნალობს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
,,უმძიმესი პაციენტი მოიყვანა სასწრაფომ, ადგილი არ არის და ვერ ღებულობენ. საშინელი ამბავია გარეთ, პაციენტის პატრონი ანგრევს ყველაფერს, კლინიკის ექიმები გიჟებივით დარბიან, გაუტანეს ჟანგბადი და სასწრაფოს მანქანაში ასუნთქებენ. ძალიან მძიმე მოსასმენია სასოწარკვეთილი ადამიანების მუდარა, დერეფანში მაინც შეიყვანეთ და გადამირჩინეთო.
ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ. პირველი ეტაპის ინფიცირებულები 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაარიგეს და მეორე ეტაპის პაციენტებს საავადმყოფოებში ვერ აწვენენ. საშინლად მძიმე დღეშია მედპერსონალი, ძალიან მეცოდებიან. ვწვები და ბალიშს ვიფარებ სახეზე, მსუბუქი პნევმონია მაქვს და სტაბილური ვარ. გაიდლაინით ჯერ არ მეკუთვნის კლინიკის დატოვება. ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის. სრულ კოშმარში ვარ და თან მრცხვენია, თან მეშინია,'' - აღნიშნავს კატერინა მიქელაძე.
როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი
ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:
„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“
პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:
„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“
„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.