,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
„ახლავე გეუბნებით, ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეს ადამიანი თუნდაც ჩვენთან მოხვდება და გამოვა ცოცხალი,“ - დავით გადელია
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ აუცრელ პაციენტებში კოვიდის მძიმე მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა:
„ვიღაცას იმის გამო, რომ თავის თავს არ უსაყვედუროს, კომპლექსი აქვს და ამის ჩანაცვლებას ახდეს, რომ ჩვენ დაგვაბრალოს. თუ ეს შვებას მოგგვრით, კი ბატონო, გვლანძღეთ. აიცერით ახლავე, აცერით თქვენი მშობლები, ბებია-ბაბუა და არ გექნებათ ეს კომპლექსი. იმაში მაინც იქნებით გათავისუფლებული, რომ თქვენ რაც შეგეძლოთ, გააკეთეთ.”
„მოდიან, „ბაბუა მომიკლეს,“ „დედა მომიკლეს.“ 75 წლის ადამიანს რომ მოიყვან, რომელსაც არც აცრა აქვს, სხვა დაავადებები აქვს და არც გიზრუნიათ სხვა დროს, პირველივე დღიდან რეანიმაციაში რომ მოხვდება, რა შეგვიძლია, რა უნდა გავაკეთოთ?!“ - აღნიშნულ საკითხზე დავით გადელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.