,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ა.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წელი განუსაზღვრა - აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
,,პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა საქმეზე მოპოვებული ყველა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის ა.ა.-მ 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ა.ა. წარდგენილ ბრალდებაში 13 მაისის გადაწყვეტილებით გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს,'' - აღნიშნულია განცხადებაში.