,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს, შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანელ ბრიფინგზე სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება. თუმცა როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას.
„ამ ეტაპისთვის სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში და ეს არის ძალიან მტკივნეული, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე.
თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც ის არის დღეს, დღეს გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას.
სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო, კოვიდისგან თავისუფალ სკოლებში მიიღონ განათლება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.