,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
,,ამ მეთოდით ოთხი პაციენტიდან სამს Covid19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს - ეს საოცარია''
,,წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის დროს ოზონოთერაპიის გამოყენება ძალიან წარმატებული იყო. ოთხი პაციენტიდან სამს Covid19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოზონოთერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმში ხდება ოზონის (O3) შეყვანა სპეციალური მეთოდით.
„ბათუმში ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებული იყო. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ კარგ შემთხვევაში, მე-13 მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს, ხოლო ზოგს შეიძლება სულაც 2 თვის შემდეგ.
ყველამ იცის, რა არის ოზონი. ეს თერაპია გულისხმობს ოზონის (O3) შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერინზე, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 10 აპრილს ოფიციალურად დაამტკიცა, როგორც კოვიდ19-ის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება. ესეც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისაგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, რომელსაც თან მოჰყვება რიგი მავნე ნივთიერებები,“ - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.