,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
რა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან?
რა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„როცა უხილავი მტერი გიტევს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იცი, რომ წვეთებით ვრცელდება და ნებისმიერი ზედაპირი შეიძლება ინფიცირებული იყოს, ბუნებრივია, გიჩნდება სურვილი, როგორმე დაიცვა თავი ზედაპირებზე შეხებისაგან. ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ სულ უფრო ხშირად მხვდებიან ქუჩაში ადამიანები ფერად-ფერადი ლატექსის ხელთათმანებით. გვიცავს თუ არა ის? დიახ, თუ თქვენ გაცვიათ ხელთათმანი, ზედაპირებზე შეხებისას თქვენს კანზე ნამდვილად ვერ მოხვდება, ვერც კორონავირუსი და ვერც სხვა მიკროორგანიზმი და ეს დაცულობის ბედნიერ შეგრძნებას გაძლევთ. მაგრამ თუ ასე შეფუთული ხელებით, ეხებით ფულს, მობილურ ტელეფონს, რომელიც საუბრისას ახლოს გაქვთ სახესთან, ხელთათმანინი ხელებით ეხებით ბანკომატებს, სწრაფი გადახდის აპარატებს და შემდეგ ისწორებთ თმას, მიგაქვთ ხელი სახესთან, ეხებით მას, იკეთებთ და იხსნით სათვალეს, თქვენ ქმნით დამატებით რისკს დაბინძურებული ხელთათმანებით ინფიცირებისათვის. ასე, რომ თუ იყენებთ ლატექსის ხელთათმანს, გამოიყენეთ ის სწორად - გაიკეთეთ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისას, მისი მოვლისას, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას, აფთიაქებში, სუპერმარკეტებში ნივთებთან და ზედაპირებთან შეხებისას. შემდეგ ხელთათმანი უნდა გადააგდოთ ან შეინახოთ გარეცხვამდე და დეზინფექტანტით დამუშავებამდე. იმ შემთხვევაში, თუ მაინც გირჩევნიათ მთელი დღის მანძილზე გეკეთოთ ხელთათმანი, სრულყოფილად უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი, რომ თქვენი ხელი არ მოხვდეს სახესთან. სხვა შემთხვევაში ლატექსის ხელთათმანი დაცვის ნაცვლად საფრთხის რისკს გაგიზრდით. დაბოლოს, ხელების ხშირი დაბანის აუცილებლობას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ!“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.