,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
როგორი ზამთარი გველოდება? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექების რაოდენობა, საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-22) მომზადებული, 2019-2020 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.
ექსპერტების დასკვნით, 2019-2020 წლის ზამთრის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებზე მომავალი ზამთრის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. მომავალი ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექების რაოდენობა, საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სპეციალისტების განმარტებით ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ტემპერატურის ნორმა: დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7; მთაში 0, +2; მაღალ მთაში -4, -2; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2; მთაში -2, 0 მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს.
საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების ნორმა: დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ -ს შეადგენს.