,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
„ეს იქნება გამოსავალი, რომ არავითარ ვაქცინას ვადა არ გაუვიდეს“- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ საქართველოში ვაქცინაციის ტემპის შენელების და ვაქცინების ვარგისიანობის ვადის ამოწურვის საფრთხეებზე ისაუბრა:
„გათვლილი იყო, რომ წლის ბოლომდე უნდა აგვეცრა მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი. აცრის სამიზნე მოსახლეობამ მოიმატა დელტა შტამის პირობებში, დაახლოებით ორ მილიონზე ზემოთ. აქ საუბარია ასევე აცრის დროს ბავშვების ასაკის დაწევაზე. შესაძლოა, სწორედ ბავშვების ასაკის დაწევა, რაც რიგმა ქვეყნებმა განახორციელეს, ჩვენთანაც განვახორციელოთ სწავლის დაწყებასთან მიმართებაში. ეს იქნება გამოსავალი, რომ არავითარ ვაქცინას ვადა არ გაუვიდეს.“
აკაკი ზოიძის თქმით, თუ ერთ თვეში 800 000 ადამიანი არ აიცრება, შესაძლოა, ვაქცინების ნაწილს ვადა გაუვიდეს:
„ვადა რომ აწერია ვაქცინას, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ექვსი თვე აქვს კიდევ ვადა, მაგრამ უსაფრთხოების გამო ნებისმიერ მედიკამენტს ექვსი თვით ადრე აწერია ვადის გასვლის შესახებ. თუ ერთი თვის განმავლობაში სრულად არ აიცრება კიდევ 800 000 ადამიანი,შეიძლება, ვაქცინების ნაწილს ვადა გაუვიდეს.“
„თუ ბუსტერ დოზებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის რეკომენდებული იქნება 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა, ჰქონდეთ დაქვეითებული იმუნიტეტი. ფაიზერის შემთხვევაში არ არის უნივერსალური რეკომენდაცია ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით. პრობლემა ის კი არ არის, რომ ვაქცინებს გაუვა ვადა, პრობლემა ისაა, რომ ადამიანები დარჩებიან დაცვის გარეშე,“- აღნიშნულ საკითხებზე აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.