,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
„დელტა შტამის შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს,“ - ლევან რატიანი კოვიდ-19-ის ინდური შტამის შესახებ საუბრობს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა საქართველოში დელტა შტამის გავრცელებისა და იმ თავისებურებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ახალ შტამს კოვიდ-19-ის სხვა შტამებისგან განასხვავებს:
„ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა ამ სახეობის იდენტიფიცირება. ერთადერთი განმასხვავებელი სხვა შტამებისგან არის ის, რომ ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა. უფრო მეტად გამოხატულია ჰექტიური ცხელება. ვირუსს ჰქონდა ცხელების ეპიზოდები, ეს იყო მეხუთე, მეშვიდე დღეს, მაგრამ დელტა შტამის შემთხვევაში, ინფიცირების პირველივე დღესვე, შესაძლოა, გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. ტემპერატურა უფრო მეტად არის 38 და უფრო მაღალი.“
ლევან რატიანის თქმით, დელტა შტამს ბევრად მაღალი გადამდებლობა აქვს, ვიდრე სხვა შტამებს:
„ცხელება თავისთავად იწვევს ორგანიზმში გაუწყლოვებას. ამ შემთხვევაში ადამიანმა, რა ასაკისაც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია. გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამებს. ამ შტამის შემთხვევაში ისიც ვთქვით, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება სიმპტომატიკას, არ განსხვავდება წინა შტამებისგან.“
„თუ ასე გაგრძელდა, ეს სახიფათო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. წესები ყველამ უნდა დავიცვათ, რომ რამენაირად მოხდეს ვირუსის შეკავება. ვიქნებით თუ არა ვაქცინირებული, ის რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, რაც მოწოდებულია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიის ლიკვიდაციას 2024 წელს ვარაუდობს.ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფექცია კიდევ სამი წელი იქნება ასეთ ბობოქარ სიტუაციაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.