Baby Bag

24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 470 პირი

24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 470 პირი

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

​„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მოგეხსენებათ, იზრდება ტესტების რაოდენობა, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების ჩატარება, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევები გამოვლენილია, როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტების მეშვეობით. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს.

​გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 45 042-მდე.

​სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 13 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 4, შიდა ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა.

​დღეს გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში - 411, იმერეთში - 782, ქვემო ქართლში - 130, შიდა ქართლში - 74, გურიაში - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 150, კახეთში - 133, მცხეთა-მთიანეთში - 79, სამცხე-ჯავახეთში - 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 23.

​ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 113. 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 356, აჭარაში - 759. მძიმე პაციენტი გვყავს 645, მათ შორის, თბილისში - 320, აჭარაში - 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში - 111. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 - აჭარაში, ხოლო 950 - თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე.

​საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 982 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში-1 316. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 13 448 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საიდანაც თბილისში - 5 637 პირი, აჭარაში - 16 360, იმერეთში - 4 403“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში განქორწინების მსურველთა რიცხვი მატულობს

პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში განქორწინების მსურველთა რიცხვი მატულობს

კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იზოლაციაში იმყოფება. როგორც აღმოჩნდა, დაოჯახებულ ადამიანებს ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადასვლა გაუჭირდათ. ბევრ წყვილს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, ზოგიერთებმა კი ოჯახის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და განქორწინება გადაწყვიტეს.

სახლში ერთსა და იმავე ადამიანებთან ერთად გამოკეტვამ, შეიძლება, ყველაზე მყარი ოჯახებიც კი დაანგრიოს. იზოლაციას ფინანსური კრიზისით გამოწვეული სტრესიც ემატება, რაც წყვილების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. თუ თვითიზოლაციაში ხართ და მეუღლესთან კონფლიქტი ხშირად გაქვთ, მარტო არ ხართ. მას შემდეგ, რაც ქვეყნების უმრავლესობა საგანგებო რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, მსოფლიო მასშტაბით განქორწინების მსურველთა რიცხვი იმატებს. ადვოკატები, რომლებიც განქორწინების საკითხებზე მუშაობენ, ღიად აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა.

„ფინანსური კრიზისი უთანხმოების მთავარი მიზეზია, ამას ემატება იზოლაციით გამოწვეული სტრესი. მეუღლეები სახლიდან მუშაობენ, განტვირთვას კი ვერ ახერხებენ, ვერ მიდიან კაფეებსა და რესტორნებში, რაც ყველაფერს ართულებს.“ - აცხადებს ცნობილი ავსტრალიელი ადვოკატი ფიონა რეიდი.

ჩინეთში სრული კარანტინის გაუქმების შემდეგ განქორწინებათა რიცხვმა კატასტროფულად მოიმატა. მას შემდეგ, რაც წყვილებმა იზოლაციას თავი დააღწიეს, მათ უდიდეს ნაწილს ერთად ცხოვრების სურვილი აღარ ჰქონდა. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარტის თვეში დაფიქსირდა.

მსოფლიო მასშტაბით იმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევებმაც. ჰუნანში, ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ცნობით, განქორწინების მსურველთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ განაცხადის შესატანად ადამიანებს გრძელ რიგებში დგომა უწევდათ.

იზოლაცია განსაკუთრებით რთული იმ ოჯახებისთვის არის, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ. ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. ისინი სწავლას დისტანციურად აგრძელებენ. პატარებიც სტრესულ გარემოში ცხოვრობენ. ოჯახური ძალადობის გაზრდილი რიცხვი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. დაუშვებელია, რომ ბავშვები ან ზრდასრულები მოძალადესთან ერთად იზოლაციაში ხანგრძლივად დარჩნენ.

ადვოკატები მეუღლეებს წინდახედულობისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ განქორწინებამდე კარგად დაფიქრდნენ. მათი თქმით, ბავშვების სურვილები, საჭიროებები და ინტერესები უფროსებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მეუღლეებმა ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომლებიც ოჯახის ყველა წევრისთვის საუკეთესო შედეგის მომტანი იქნება.

ადვოკატების მტკიცებით, წყვილებისთვის განქორწინება საკმაოდ ძვირადღირებული და ამავე დროს სტრესული გამოსავალია. მათი თქმით, პანდემიისა და იზოლაციის პირობებში, კამათი, ჩხუბი და დაძაბულობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ადამიანებმა სირთულეები კატასტროფად არ უნდა აღიქვან. თუ მეუღლესთან ხშირად კამათობთ და ურთიერთობა ჩიხში შედის, უმჯობესია, დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართოთ.

ავსტრალიაში წყვილებისთვის სპეციალური დახმარების ცენტრი შეიქმნა. მეუღლეებს, რომლებსაც რჩევა და თანაგრძნობა სჭირდებათ, სპეციალურ ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლიათ, სადაც მათ პროფესიონალები ეხმარებიან. ადამიანებს კრიზისულ ვითარებაში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებთ, რაც ყოველთვის გამართლებული არ არის. უმჯობესია, თუ განქორწინებაზე განაცხადის შეტანამდე კარგად დაფიქრდებით. მსგავსი გადაწყვეტილებები ერთ ღამეში არ უნდა მიიღოთ. 

მომზადებულია ​thenewdaily.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად