Baby Bag

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღის განმავლობაში მკურნალობდა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღის განმავლობაში მკურნალობდა
ქუთაისში ,,კლინიკა ბომონდი” - ს კოვიდცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 28-დღიანი მკურნალობის შემდეგ, ნინო კახნიაშვილმა სამედიცინო დაწესებულება გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

როგორც თავად ამბობს, კოვიდცენტრში ცხელების ცენტრიდან დადასტურებული კორონავირუსით, მძიმე მდგომარეობით მოხვდა:

,,უხილავი ომი კოვიდ 19 ის წინააღმდეგ" - ეს ისე ზერელედ ჩამესმოდა ყურში, ვერც კი ვითავისებდი რაზე იყო საუბარი. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს ომია და ამ ომის წინა ხაზზე სწორედ ისეთი გმირი მეომრები დგანან, როგორებიც არაიან “კლინიკა "ბომონდი”-ს პერსონალი, ხელმძღვანელობიდან დამთავრებული სანიტრით დასრულებული.

მინდა უღრმესი მადლობა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ ყოველდღიურად გაწეული მზრუნველობისთვის და უდიდესი თავგანწირვისთვის, იმისთვის, რომ დაუღალავად იბრძვიან ადამიანების გამოსაჯანმრთელებლად და სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მინდა ხმამაღლა მოგიწოდოთ ყველას:

დავაფასოთ ის ხალხი, ვინც იბრძვის ჩვენი გადარჩენისთვის და ნუ ვიქნებით უმადურები, დავიცვათ ჯანდაცვის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე,” - ამბობს ნინო კახნიაშვილი.

აღნიშულ ინფორმაციას და ფოტოებს კლინიკა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე კოვიდ დადებითია და უკვე მე-4 დღეა ვირუსს ებრძვის. გთავაზობთ მის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია. მეჩვენება რომ გრავიტაცია ჩემს სხეულზე 5-ჯერ ძლიერად მოქმედებს და ძალიან მაგრად ექაჩება სადღაც. განსაკუთრებით ფეხები და წელი ვერ უძლებს.
ცოტა მახველებს. როცა ინჰალატორია ჩართული, ყურსასმენებს ვიკეთებ, ვითომ არ მესმის. გადასხმა არ მჭირდება, ვსვამ პლაქვენილს. ყოველ დილით სისხლის აღება აუცილებელია, ექიმებთან კომუნიკაცია მინიმალური. მედდა ლალი ისევ ენერგიულად დაქრის, ან არ ეძინება ან არ იღლება?! სიცხე რომ არ გვაქვს, ისე გვაქებს, ვითომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
გვერდით ერთი წლის ბავშვია და ვერ ვიტან სავალდებულო პროცედურები რომ უწევს, ვერ იგებს რას ერჩიან, ბავშვები არ უნდა ხვდებოდნენ აქ!
ტელეფონი დამივარდა, რირშახის ტესტივითაა ეკრანზე უშველებელი ლაქა, ხან ღამურად აღვიქვამ, ხან გაბრაზებულ ზაზუნად (უნდა ვიკითხო ხომ მშვიდობა მაქვს), ვარაუდით ვწერ ტექსტებს.
ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე 6 ნაბიჯია, ნახევარი ჩემია.
დილით 
Levan რეკავს ყავა მოგენატრებოდაო და ამომიგზავნა ნამცხვრებთან ერთად, გემო თითქოს გავიგე, მგონი ბრუნდება. ვიჯღნავლე- ლევანის ცოლი ექიმია აქ და თავზე აყრია საქმე, ამ დილით სამსახურში რომ მიდიოდა ორივე და ჩემი ყავა გაახსენდათ, კია საჯღნავლი.
აქ ზოგადად ძალიან გულჩვილი ხდები, დღეში რამდენჯერმე ვტირი გარანტირებულად. ხან მოწერილ გამამხნევებელ მესიჯებზე, ხან გარედან შემოსულ, ცოცხალი ქალაქის ხმაზე, ხან კირას კითხვაზე 'დე მალე მოხვალ თუ არა-მალე' და მე რომ უნდა ვუთხრა 'არა-მალე', ხან გაურკვევლობაზე. ვიკა ბუკიას ირინკამ მომიკითხა და ღნავილით მოვკვდი, რაღაცნაირი სევდიანი კავშირი რომ გვაქვს, მარტო ჩვენი, კორონული...
ჩემი კოვიდმეზობელი ნინო კარგადაა, თავისი კლასტერიდან დაურეკეს წეღან: '-კორონა როგორა ხარო?' იგუდებოდნენ სიცილით. მერე იმან იქედან თავისი კოვიდ მეზობელი გვაჩვენა 62 წლის ქალი, საწოლზე ყირაზე იდგა, ფეხები კედელზე შემოელაგებინა და იქნევდა - ვარჯიშობსო, ისევ ვიცინეთ.
უელბეკს ვკითხულობ, მაგრამ მინდა 'სამხრეთული სპილო' არ მქონდეს წაკითხული და ახლა, აქ ვკითხულობდე. ან გორგილაძეს ქონდეს რამე ახალი გამოცემულული. ქართული ამბები მინდა, ეს ევროპები ძალიან შორია ამ ნაცრისფერი პალატიდან.
კახელების იუმორი აქ რომ დავაფასე კი გითხარით. ნინო დგას გუშინ ფანჯარასთან, გარეთ იყურება... გამომხედა ცოტა ნაწყენმა 'დღესაც ღამდებაო' - ისევ ვუგუდებით... ასე ვიცინით, ვიდრე გაგვახსენდება რა საქმეზე ვართ აქ ორივე.''
წაიკითხეთ სრულად