ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს უმეტესად შფოთვითი აშლილობა, დეპრესია და ინსომნია აწუხებთ. მკვლევარების მტკიცებით, კოვიდ-19 ზრდის დემენციის განვითარების რისკებს.
მეცნიერები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პრობლემის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდებენ და მედიკოსებს ურჩევენ სასწრაფოდ გამოძებნონ პრევენციის გზები და სამკურნალო საშუალებები განკურნებული პაციენტების დასახმარებლად.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 62 000 -ზე მეტ განკურნებულ პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდათ, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმიდან პირველი სამი თვის მანძილზე ყოველი 5 განკურნებული პაციენტიდან ერთს შფოთვა და დეპრესია აღენიშნება. აღნიშნული სამი თვის განმავლობაში სხვა ადამიანებთან შედარებით კოვიდ-19-ისგან განკურნებულებს ორჯერ უფრო ხშირად უსვამდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზს.
კვლევებით ასევე დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, კოვიდ-19-ით დაინფიცირების 65%-ით მეტი რისკი აქვთ. აღნიშნული კვლევის შედეგები ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კოვიდ-19 ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ტვინზე. ის ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკსაც ზრდის.
ის, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს კოვიდ-19-ით დაინფიცირების მეტი რისკი აქვთ, ლონდონის კინგსის კოლეჯში ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. კოვიდ-19 ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ის ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
მომზადებულია voanews.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები