საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდ 19-ის მართვის პროცესში არსებულ გამოწვევები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად მოისმინა სფეროს ექსპერტების პოზიციები ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე. საუბარი შეეხო, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე - ოჯახის ექიმთან კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა სამედიცინო მეთვალყურეობა.
შეხვედრაზე ერთობლივად აღინიშნა, რომ მობილობის შემცირების მიზნით საჭიროა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები. აქვე ხაზი გაესვა, რომ საუბარი არ ეხება საყოველთაო „ლოკდაუნს“.
ასევე კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციას უწყობს ხელს.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი, ექიმები - გიორგი გოცაძე და ზურაბ გურული. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შვეიცარიიდან შეუერთდა გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ასევე - ესტონეთში მოღვაწე ექსპერტი ზაზა წერეთელი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - დღეის მდგომარეობით, ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 42 579.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 441, ქვემო ქართლში - 68, შიდა ქართლში - 51, გურიაში - 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 114, კახეთში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 51, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 13.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 609, აჭარაში-1 419. სულ 6 ოქტომბრის - 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 982 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 2 867 პირი, აჭარაში - 13 341, იმერეთში - 3 813. ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.