ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მეგობრებო!
ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს- სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ- არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:
1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.
2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!
3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:
მუდმივად ატარეთ პირბადე!!
მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი ,,ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები,
გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა,'' - აღნიშნავს დავით გადელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„საპირფარეშოს, მათ შორის საზოგადოებრივის, დალაგება რაიმე იძულების გარეშე, მოხალისეობრივად, რატომ უნდა ჩაითვალოს ღირსების შემლახავ სამიანობად?“ - სიმონ ჯანაშია
ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოს დალაგების ფაქტზე განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია თავის ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ჩანაწერს სიტყვა-სიტყვით:
„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეების ნაწილმა ადგილობრივი მერიის დასუფთავებაში, მათ შორის საპირფარეშოების გაწმენდაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, მოსწავლეები დირექტორის თანხმობით გაკვეთილების შემდეგ წავიდენენ მერიაში, დაასუფთავეს სხვადასხვა სათავსო, მათ შორის საპირფარეშოც.
ამ ამბავში რამდენიმე პრობლემური მხარეა:
პირველი, მედია ამ ამბავს ფუთავს, როგორც ბავშვების ძალდატანებისა და ღირსების შემლახავ საქმიანობაში ჩართვას. „ახეხინეს“ წერენ სტატიებში, სოციალურ ქსელებში, ამბობენ სიუჟეტებში. ბავშვებზე ძალდატანება არ ჩანს არსაიდან. განა მხოლოდ ძალდატანებით ან მოტყუებით შეიძლება დაალაგოს ადამიანმა საპირფარეშო?
საპირფარეშოს, მათ შორის საზოგადოებრივის, დალაგება რაიმე იძულების გარეშე, მოხალისეობრივად, რატომ უნდა ჩაითვალოს ღირსების შემლახავ სამიანობად? განა ჩვენ დამლაგებლებს, რომლებიც სკოლებში თუ მუნიციპალიტეტებში მუშაობენ ღირსება არ აქვთ? საპირფარეშოების დალაგების ღირსებასთან კავშირში განხილვა, შეურაცხმყოფელ საქმიანობად შეფუთვა და მოსწავლეებისთვის შეუფერებელ საქმიანობად წარმოდგენა ხელს შეუწყობს იმ მოსწავლეების ტრავმირებას, რომლებიც ამ აქციაში მონაწილეობდნენ. მათ არაფერი ცუდი და ღირსების შემლახველი არ გაუკეთებიათ და მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს იცოდნენ.
მეორე, როგორც მედიიდან ვიგებთ, საკითხის გამოძიებას იწყებს პოლიცია. რა შუაშია აქ პოლიცია? დავუშვათ საზოგადოება თვლის, რომ მოსწავლეებმა, თუნდაც ნებაყოფლობით არ უნდა დაალაგონ საზოგადოებრივი თუ ნებისმიერი სხვა საპირფარეშო - აქ შეიძლება საერთოდ კრიმინალურ ქმედებაზე საუბარი? შეიძლება ვიკამათოთ იმის შესახებ, არის თუ არა ასეთი გამოცდილება მოსწავლეებისთვის პედაგოგიური ღირებულების, მაგრამ რა შუაშია აქ სამართალდამცავი სისტემა?
მესამე, ამ სიუჟეტის კეთებაზე მომუშავე ჟურნალისტები მეც დამიკავშირდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ მათი ერთადერთი კითხვა იყო „ვინ არის დამნაშავე?“ რომელიც რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმით დამისვეს. ასეთი მიდგომა არ უწყობს ხელს დაფიქრებას. ჟურნალისტები უნდა ეხმარებოდნენ საზოგადოებას, რომ გაიაზრონ მათი პრობლემები და არა მოქმედებდნენ როგორც პროკურორები დამნაშავეების ძიებისას.
მოზარდებს საპირფარეშოების დალაგების გამოცდილება მხოლოდ გამოადგებათ. სასურველია, რომ ამგვარი გამოცდილება პირველ რიგში საკუთარ სახლში შეიძინონ და არა განსაკუთრებით პანდემიისას, საჯარო დაწესებულებებში. ასევე კარგია, თუ სკოლა და მუნიციპალიტეტი განაგრძობენ თანამშრომლობას, ოღონდ ცხადია, რომ უკეთესი იქნება თუ დასუფთავების საკითხში მუნიციპალიტეტი დაეხმარება ხოლმე სკოლას უფრო მეტად ვიდრე სკოლა მუნიციპალიტეტს.
რაც შეეხება ამ ამბავს, კარგი იქნება თუ სკოლა შეხვედრას გამართავს მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან და მშვიდად, პოლიციის, მედიის და ისტერიის გარეშე განიხილავენ ამ საკითხს - რა არის ამაში პრობლემური და რა არა. მგონია, რომ კარგი იქნება თუ მოსწავლეებს მაგალითს ვაჩვენებთ, რომ მზა პასუხების ნაცვლად ხანდახან უფრო სასარგებლოა კითხვები დავსვათ. ამგვარ გარემოში ისინი უფრო მეტად ისწავლიან პასუხისმგებლიან ქცევას და კრიტიკულ აზროვნებას, ვიდრე სხვების მიერ თავსმოხვეული ჩარჩოების ფარგლებში თავის მართლებისას,“ - წერს სიმონ ჯანაშია.