Baby Bag

კოვიდინფიცირებულების თითქმის განახევრებული რაოდენობა - როგორია დღევანდელი სტატისტიკა?

კოვიდინფიცირებულების თითქმის განახევრებული რაოდენობა - როგორია დღევანდელი სტატისტიკა?
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 164 976-ს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 988 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 137 499-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 540 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 337, იმერეთში - 397, ქვემო ქართლში - 175, შიდა ქართლში - 108, გურიაში - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 177, კახეთში - 80, მცხეთა-მთიანეთში - 90, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 911. მათ შორის, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 002, აჭარაში - 1 047, იმერეთში - 1 362. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 135 პირი, მათ შორის, თბილისში - 519, აჭარაში - 161, იმერეთში - 251. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 49, იმერეთში - 52.

3 744 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 224 - თბილისში, 1 788 - აჭარაში, 422 - იმერეთში.

15 204 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 267 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -372, აჭარაში - 252, ხოლო იმერეთში - 28.

სულ 6 ოქტომბრიდან - 6 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 20 033 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 714 პირი, აჭარაში - 14 468, იმერეთში - 5 509“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად