„ყველას გილოცავთ ბარბარობას, ეს არის უდიდესი დღესასწაული. „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“. წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული ერთგულებისა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
„პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის; და აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახლაგაზრდებისა, ჩვენი ხალხისა. ჩვენ დღეს ვფიქრობთ, ეს რაც ხდება - ამდენი მსხვერპლი - ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი ხდება ღვთის გარეშე. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან დალოცოს ერი თვისი მშვიდობით!„ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ“. და აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, სიმშვიდეს გულსა და გონებაში, სულში და დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას“, - აღნიშნა პატრიარქმა.
მან მრევლს ახალი ინიციატივაც გააცნო:
„გუშინ დაიწერა მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება. ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულსა წმინდასა და გამომიგზავნეთ მე. გადაწყვეტილი მაქვს, რომ როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად“, - განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი ლოცვა მეუფე დანიელმა წაიკითხა:
„მამაო ჩვენო, ღმერთო, აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ!
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით, მოწყალეო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა!
დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო.
შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ!
შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი, გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავაფერთა განსაცდეთაგან.
შეგთხოვთ, უფალო, არა უგულებელს-გვყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ ვიხარებდეთ ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ - მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, ამინ!“
პატრიარქის თქმით, ეს ლოცვა მრევლმა უნდა იკითხოს სადაც არ უნდა იყოს - ტაძარში, სახლში თუ სამსახურში:
„ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო, ღმერთმა ისმინოს ლოცვისა ამის. ეს ლოცვა იქნება ტაძრებში და სადაც არ უნდა იყოთ, - ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, - ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას. დალოცვილი იყავით! ვულოცავ სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს ბარბარობას, წმინდა ბარბარე იყოს მფარველი ჩვენი შვილებისა, დალოცვილი და გახარებული იყავით! - განაცხადა პატრიარქმა.
„დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით!“ - პატრიარქის დღევანდელი ქადაგება
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, - ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას. უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. დიდ ხარ შენ უფალო, დიდება და მადლობა უფალს! დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყავართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში. აი თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო. ეს არის საშუალება, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს სვლაში ამ რთულ გზაზე; გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. ჩვენს სამღვდელოებას ვუთხარი, რომ ეს გზა მიგვიყვანს უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. თქვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მას ცხოვრებისასა და ეს სახელები სასუფეველშია. არ უნდა შეგვეშინდეს. ეს ჯვრის გზა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გაგვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთიმშობლისა. ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ გავშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. ჩვენ რომ ვამბობთ, - „ჩვენთან არს ღმერთი“, ეს არის მთავარი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფევლისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით! წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალ გვეყოს ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა! არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს! დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი! მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი. ყოველ დღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენ თვითონ, ასხურეთ თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახს, თქვენს სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. გაიხარეთ!“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დღევანდელი საკვირაო ქადაგება