„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
ინტენსიურად გრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული ჰიგიენის ყველა ნორმა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020-21 სასწავლო წლისთვის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გასაუმჯობესებლად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ინტენსიურად გრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული ჰიგიენის ყველა ნორმა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სექტორმა უნდა შეიმუშაოს, რათა დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.
შეხვედრაზე იმსჯელეს იმ მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და შემდგომ მონიტორინგს, ასევე სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას.
მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პანდემიის პირობებში ახალი სასწავლო წლისთვის მზადების საკითხების დეტალური განხილვისთვის, ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.