„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა
პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა. აღნიშულის შესახებ საქართველოს მთავრობის 314-ე დადგენილებაში წერია. დადგენილებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, პირებზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში.
„დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით), იღებდა ხელფასს (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს; კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა,“ - წერია დადგენილებაში.