„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაქსიმუმ ორ დღეში იქნება ცნობილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით მაქსიმუმ ორ დღეში იქნება გადაწყვეტილება ცნობილი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშა, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოებაზე:
„დღესაც მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოებასა და გამკაცრებაზე, აქ შედის, სკოლაც, უმაღლესი სასწავლებლებიც და ა.შ. ბევრი რამ განიხილება, მე ახლა არ დავაკონკრეტებ, ალბათ, ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი გადაწყვეტილებები, შესაბამისად იქნება სკოლებთან დაკავშირებითაც,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.