Baby Bag

კორონავირუსის ახალი შტამის ირგვლივ დაგროვებულ კითხვებზე პასუხები ექიმებისგან

კორონავირუსის ახალი შტამის ირგვლივ დაგროვებულ კითხვებზე პასუხები ექიმებისგან

ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული გთავაზობთ მოკლე დაიჯესტს კორონა-19-ის ახალი, მუტანტი შტამის შესახებ. 

გთავაზობთ მათ ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვერსია განსაკუთრებით ლონდონში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისშია ფართოდ გავრცელებული. ოფიციალური წყაროების თანახმად, ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ სექტემბერში დაფიქსირდა, თუმცა მისი შემდგომი გავრცელება მოგვიანებით, ნოემბერ-დეკემბერში მოხდა.

ვირუსის ახალი ვერსიის წარმოქმნა რამდენიმე მუტაციის ერთობლიობამ განაპირობა. ზოგადად მუტაცია ვირუსის ბუნებრივი თვისებაა და გარემოსთან ადაპტაციისათვის სჭირდება. დროის მცირე მონაკვეთში ვირუსებში მრავლობითი მუტაცია ხდება, თუმცა მათი უმრავლესობა „ჩუმია“ , იწვევს გენომის უმნიშვნელო კორექტირებას და არ ითარგმნება ვირუსის ცილოვანი სტრუქტურის კონფიგურაციის ცვლილებაში. ანალოგიური პრინციპები მოქმედებს კორონავირუსის შემთხვევაშიც. კოვიდ19-ის გამოჩენიდან დღემდე რამდენიმე მუტაცია უკვე დაფიქსირდა, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ვირუსის ბუნება ვერ შეცვალა. რაც შეეხება ბრიტანეთში გამოვლენილ ახალ შტამს, მისი სახეცვლილება რამდენიმე მუტაციის ჯამური შედეგია და გენომის ამგვარმა მოდიფიკაციამ ე.წ. „სპაიკ“ ცილის კონფიგურაციის ნაწილობრივი ცვლილება გამოიწვია. „სპაიკ“ ცილა არის ვირუსის ის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ის ადამიანის ორგანიზმში არსებულ ACE2 რეცეპტორებს უკავშირდება და ასე იჭრება მისი უჯრედების ფუნქციონირებაში. აქამდე არსებული კვლევების თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამის „სპაიკ“ პროტეინს შეუძლია უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება ACE2 რეცეპტორებთან. - რას ნიშნავს უფრო მჭიდრო კონტაქტი კლინიკურად? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არის გარკვეული. შეიცვლება თუ არა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სიმძიმე ვირუსის ახალი ვერსიის გამოჩენით, ამის პროგნოზირება რთულია. ჯერჯერობით არანაირი კლინიკური მონაცემები არ არსებობს დაავადების მიმდინარეობის კონკრეტული ცვლილებების შესახებ. თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ ამ შტამს გაცილებით უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აღმოაჩნდა, ჩვენთვის უკვე ნაცნობ და საქართველოში ამჟამად გავრცელებულ ვარიანტთან შედარებით.

ამ ეტაპისათვის, ვირუსის გავრცელების ზუსტი გეოგრაფია უცნობია. ეს მარტივი მიზეზით აიხსნება. ადამიანების ტესტირების შედეგად მიღებული ყველა ნიმუშიდან აღებული ვირუსის „სექვენირება“ (ამინომჟავების თანამიმდევრობის დადგენა) არ ხდება. სწორედ ეს ე.წ. „სექვენირება“ იძლევა საშუალებას, დავადგინოთ ვირუსის გენეტიკური კოდი და შესაბამისად აღვრიცხოთ ნებისმიერი ცვლილება, რაც მასში მოხდა. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი ყველა ლაბორატორიისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად, ცნობილია რომ ამერიკაში 17 მილიონი ნიმუშიდან მხოლოდ 51 ათასი იქნება სექვენირებული. ცხადია, ეს ციფრი ვერ მოგვცემს სრულყოფილ წარმოდგენას ახალი ვარიანტების გეოგრაფიული გავრცელების შესახებ.

დიდ ბრიტანეთში აღწერილი მუტაცია განმეორდა სამხრეთ აფრიკაშიც. ეს ორი მუტაცია იდენტურია, თუმცა მეცნიერების აზრით, მათ ერთმანეთთან არანაირი ეპიდემიოლოგიური კონტაქტი არ გააჩნიათ. განსხვავებული მუტაცია დაფიქსირდა ნიგერიაშიც; მასზე წარმოდგენები ჯერაც ფრიად ბუნდოვანია.

კორონავირუსის ახალი შტამის ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. მაგალითად:

1. შეუძლია თუ არა დღეს არსებულ ტესტირების მეთოდებს კორონავირუსის ახალი შტამის ადექვატურად აღმოჩენა?

დიახ. ტესტირების ჩვენს ხელთ არსებული მეთოდები საკმარისია იმისთვის, რომ ამ შტამის სრულფასოვანი დიაგნოსტიკა მოხდეს. როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე მუტაციის ჯამური მოქმედების შედეგად კორონავირუსის „სპაიკ“ პროტეინის კოფიგურაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვალა. „პსრ“ ტესტს აქვს სხვა სამიზნეებიც, გარდა ვირუსის ცილოვანი სტრუქტურის ამ კონკრეტული ნაწილისა, ამიტომაც ვირუსი ასეთ ტესტირებას ვერ დაემალება.

2. იმოქმედებს თუ არა ვირუსის მუტაცია დღეს არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე?

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა თავისუფლად გაართმევს თავს კორონავირუსის ამ კონკრეტულ შტამთან ბრძოლას. ამ რწმენის საფუძველს ვაქცინების პოლიკლონალური ბუნება იძლევა. რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინასაც, ისევე როგორც ტესტს, აქვს მრავლობითი სამიზნე და ერთერთი სამიზნის ცვლილება მის ჯამურ ეფექტურობაზე ვერ იმოქმედებს.

3. ახასიათებს თუ არა კორონავირუსის ახალ შტამს განსაკუთრებული მიმდინარეობა ბავშვებში?

დღეს არსებული მონაცემებით, ბავშვებში კორონავირუსის ახალი შტამით გამოწვეული დაავადება რაიმე განსხვავებული თავისებურებებით არ გამოირჩევა. არაფერი კლინიკურად განსაკუთრებული არ შეუნიშნავთ არც ახალგაზრდების პოპულაციაში.

4. შეიცვალა თუ არა მიდგომა კოვიდ-19-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებში ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით?

არა. პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები იგივე დარჩა, რადგან კორონავირუსის ახალი შტამი ჯერჯერობით არ არის შემჩნეული გავრცელების რაიმე უნიკალურ თავისებურებებში და არც დაავადების სიმძიმით განსხვავდება უკვე არსებული ვარიანტისგან.

5. რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა, რომ სწრაფად გავრცელებადმა ვირუსმა კიდევ უფრო მეტად არ დაგვაზიანოს?

არაფერი ახალი და განსაკუთრებული. სოციალური დისტანციის შენარჩუნების, ნიღაბის ტარების, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის წესები უცვლელია.

ყველა ზემოთჩამოთვლილი შეზღუდვა თუ რეგულაცია თანაბრად ეხებათ კოვიდ-გადატანილებსაც და ინფიცირებას დროებით გადარჩენილებსაც. კოვიდ-19-ით რეინფიცირების შემთხვევები დადასტურებულად არსებობს და ეცადეთ არ გახდეთ ერთ-ერთ ამ იშვიათ გამონაკლისთაგანი.

სამწუხაროდ, რაც არ უნდა ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან წესები, უშუალოდ პაციენტთან მომუშავე პერსონალის ინფიცირების რისკები წარმოუდგენლად მაღალია. შესაბამისად, კლინიკების მესვეურებმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ პერსონალის სათანადოთ აღჭურვას და დაცვას.

კორონავირუსის მუტანტი შტამის აღმოჩენა არ წარმოადგენს საყოველთაო პანიკის შექმნის ობიექტურ საფუძველს. რაც უფრო მიიჩიხება ვირუსი ვაქცინისა და ბუნებრივად შექმნილი იმუნიტეტის მეშვეობით, მით უფრო შეეცდება ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი ვერსიების შექმნას. ასეთია ვირუსების ბუნება. შესაბამისად, ადამიანთა სამყაროც გააგრძელებს ახალი გამოწვევების მიმართ სწრაფ ადაპტაციას. თუნდაც ის ფაქტი, რომ მოდერნიზებული ტიპის, ე.წ. რნმ-ვაქცინების სწრაფი შექმნა შესაძლებელია, ნელნელა ათანაბრებს მიკროსამყაროსთან ეფექტური ბრძოლის შანსებს,'' - აღნიშნავენ ექიმები. 

შეიძლება დაინტერესდეთ

გადავარჩინოთ 3 წლის საბა - „საბას საზოგადოების ძალიან დიდი იმედი აქვს...“

გადავარჩინოთ 3 წლის საბა -  „საბას საზოგადოების ძალიან დიდი იმედი აქვს...“

3 წლის საბა რუხაძეს სასწრაფოდ სჭირდება გულის ურთულესი ოპერაცია. ამისთვის საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.

Moms.ge-ს საბას მამა დავით რუხაძე დაუკავშირდა და სწორედ მისგან შევუტყვეთ პატარა საბას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

მისი ინფორმაცით, ბავშვს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. დავით რუხაძე შვილის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:

„საბას სხვადასხვა დროს დაუდგინდა ფილტვის ღეროს სარქველოვანი სტენოზი Q22.1, ფილტვის ვენების ნაწილობრივ ანომალური დრენაჟი Q26.3, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი Q21.1, სამკარიანი სარქველის ნაკლოვანება (უკმარისობა) Q22.8, თავის ტვინის მხრივ ჰიდროცეფალური სინდრომი G91.8, თავის ტვინის ცერებლური კისტები G93.1 და პერინატალური ენცეფალოპატია G93.8.

ქართველობის ძალა ქართველების ერთობაშია - საბას საზოგადოების ძალიან დიდი იმედი აქვს...

მოგმართავთ თხოვნით ვისაც გული შეგტკივათ პატარაზე! ერთად გადავარჩინოთ 3 წლის საბა რუხაძის სიცოცხლე!!!

ბანკის ანგარიშები ლარში ან დოლარში:

თი ბი სი ბანკი GE37TB7111445064300012

საქართველოს ბანკი GE33BG0000000334249800

ლიბერთი ბანკი GE16LB0711183260926000

მიმღები - მამა დავით რუხაძე

საბას საქველმოქმედო ნომერია 0901701517.

წაიკითხეთ სრულად