Baby Bag

კორონავირუსთან დაკავშირებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

კორონავირუსთან დაკავშირებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე წერტილოვანი შეზღუდვები შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ასევე ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლის წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება, დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან დაიწყება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსისგან თავის დასაცავად ხელის ყველა სადეზინფექციო საშუალება არ გამოგადგებათ - რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური?

კორონავირუსისგან თავის დასაცავად ხელის ყველა სადეზინფექციო საშუალება არ გამოგადგებათ - რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური?

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად საზოგადოებაში ხელის სადეზინფექციო საშუალებებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანაში აფთიაქებმა და სავაჭრო დაწესებულებებმა ლიმიტიც კი დააწესეს, რომელიც მყიდველს ერთჯერადად მხოლოდ გარკვეული რაოდენობით სადეზინფექციო საშუალების შეძენის ნებას აძლევს. მართალია, აღნიშნული საშუალებები ინფექციებისგან გვიცავს, მაგრამ კორონავირუსის წინააღმდეგ ყველა მათგანი ნამდვილად არ გამოგვადგება.


სხვა ვირუსული რესპირატორული ინფექციების მსგავსად, კორონავირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. კორონავირუსით დაინფიცირება მაშინაც არის შესაძლებელი, თუ ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირს ხელით შეეხებით, შემდეგ კი ხელს სახესთან მიიტანთ. ადამიანები ხელით პირს, ცხვირს ან თვალებს რეგულარულად ეხებიან. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ადამიანს სახესთან ხელი ერთი საათის მანძილზე საშუალოდ 23-ჯერ მაინც მიაქვს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ხელის ჰიგიენის ოქროს სტანდარტად კვლავ ხელების საპნითა და თბილი წყლით დაბანა რჩება. ალკოჰოლის შემცველი ეფექტური ხელის სადეზინფექციო საშუალებები ალკოჰოლს განსხვავებული დოზებით შეიცავს (დაახლოებით, 60%-დან 95%-მდე). როგორც წესი, მსგავსი ტიპის სადეზინფექციო საშუალებებში იზოპროპილის სპირტს, ეთილის სპირტს ან პროპანოლს იყენებენ. ცნობილია, რომ ალკოჰოლი მიკრობებსა და ბაქტერიებს ანადგურებს.

უალკოჰოლო სადეზინფექციო საშუალებებში, როგორც წესი, მეოთხედური ამონიუმის ნაერთებს (უმეტესად ბენზალკონიუმის ქლორიდს) გამოიყენებენ. აღნიშნული ნაერთების დახმარებით მიკრობების რაოდენობის შემცირება შესაძლებელია, თუმცა ბენზალკონიუმის ქლორიდი ამ მხრივ ისეთი ეფექტური არ არის, როგორიც ალკოჰოლი.

ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებები არამხოლოდ ბაქტერიებს ანადგურებს, მათი გამოყენება ძალიან ეფექტურია ვირუსების პრევენციის მიზნითაც. მსგავსი ტიპის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება წარმატებით გიცავთ H1N1-ის, რინოვირუსის, A ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და კორონავირუსისგანაც.

ალკოჰოლი ვირუსის ცილოვან გარსს აზიანებს. აღნიშნული გარსი ვირუსის გამრავლებისა და გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესია. სადეზინფექციო საშუალება ვირუსის მოკვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მას 60%-ზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობა აქვს. ის სადეზინფექციო გელები, რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 60%-ზე დაბალია, ბაქტერიებსა და მიკრობებს ვერ კლავს, მაგრამ მათ გამრავლებას ხელს უშლის.

60%-ზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობის მქონე სადეზინფექციო საშუალებები ყველა ტიპის ვირუსს ვერ ანადგურებს. კვლევებით დასტურდება, რომ ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის დროს ხელების საპნით დაბანა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ხელის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება.

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად წარმოქმნილი სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტის გამო, ადამიანებმა მსგავსი ხსნარების დამზადება ოჯახურ გარემოში დაიწყეს. გახსოვდეთ, რომ სახლში დამზადებული სადეზინფექციო საშუალება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დაბალი ეფექტურობით ხასიათდება. თუ ხელი შესამჩნევად დაბინძურებულია, სადეზინფექციო საშუალების ნაცვლად წყალი და საპონი გამოიყენეთ. კვლევებით დასტურდება, რომ ხელების წყლით და საპნით დაბანა არამხოლოდ ბაქტერიებს კლავს, კანს ჭუჭყსაც ეფექტურად აცლის.

დაცემინებისას ან დახველებისას სახეზე ხელების აფარების შემთხვევაში ხელის სადეზინფექციო საშუალების გამოყენება ნაკლებად ეფექტურია. როდესაც ხელზე ლორწო ხვდება, ის მიკრობებს დაზიანებისგან იცავს, რის გამოც მხოლოდ სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით მათ განადგურებას ვერ შეძლებთ.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტურ საშუალებად კვლავ ხელის საპნითა და ცხელი წყლით დაბანა რჩება. ვირუსისგან თავის დასაცავად ხელის სახესთან მიტანის მავნე ჩვევაზე უარის თქმაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა. როდესაც წყალსა და საპონზე ხელი არ მიგიწვდებათ, ალკოჰოლის 60%-იანი შემცველობის მქონე ხელის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ძალიან ეფექტური ალტერნატივაა. როდესაც ხელს სადეზინფექციო საშუალებით ისუფთავებთ, ის ხელის გულზე, ხელის უკანა მხარეს, ფრთჩხილებსა და თითებს შორის არსებულ სივრცეზე კარგად უნდა დაიტანოთ. სადეზინფექციო საშუალებით ხელი სულ ცოტა 20 წამის მანძილზე მაინც უნდა დაიმუშავოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ჰიგიენის წესებს სათანადოდ იცავთ. 

მომზადებულია ​thejakartapost.com​-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად