Baby Bag

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის ​განჩინებაში ერთ-ერთი საკითხი COVID 19-ის პანდემიას და ვაქცინაციას ეხება.

​როგორც განჩინებაში წერია, წმინდა სინოდმა დაადგინა:


​„ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

​მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

​შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

​საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

​მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.

​პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.

​ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის, ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში.

​ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდეგ საკითხებს:

​ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?

​როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?

​არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?

​ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

​საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,​თუკი შეასრულებთ ყველა აქტივობას მონდომებით, ყველაფერი კარგად იქნება''

,,​თუკი შეასრულებთ ყველა აქტივობას მონდომებით, ყველაფერი კარგად იქნება''

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ უნდა მოიქცეს კორონავირუსით ინფიცირებული. ​MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით​ გთავაზობთ:

,,გადავწყვიტე, ერთად შემეკრიბა ყველა ის რეკომენდაცია, რაც უნდა მიიღოთ პირველადი ჯანდაცვის რგოლისგან, პირველ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც დაგიდასტურდებათ კორონა ვირუსი:

  • პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. განწყობაზე ბევრია დამოკიდებული
  • თუ კი იღებდით ექიმის დანიშნულებით რაიმე წამალს განაგრძეთ. არ შეწყვიტოთ
  • იმოძრავეთ, არ დაწვეთ (ისე, რომ არ გადაიღალოთ)
  • დაისვენეთ და როდესაც ისვენებთ, შეეცადეთ იწვეთ მუცელზე(მუცელზე წოლა გულ-მკერდის არეში ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, რაც დაგიცავთ
    ​ფილტვისმიერი გართულებისგან)
  • აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები - ბერეთ ბუშტები, ივარჯიშეთ სპეც. სპირომეტრით ან წყლიან ბოთლს გაუკეთეთ ნახვრეტი და მასში აბუყბუყეთ წყალი, საწრუპელის საშუალებით (ნებისმიერი ვარიანტი მისაღებია, იხ. მიბმული ფოტოები)
  • სვით სითხე, მინ. 2 ლიტრ. დღეში, მასში დიდი წილი უნდა იყოს სუფთა წყალი.(პარალელურად, აკონტროლეთ შარდის ფერი- თუ კი იგი მუქი ფერისაა, სავარაუდოდ, თქვენს მიერ მიღებული სითხე საკმარისი არ არის)
  • ტემპერატურის >38 ან/და თავის, სახსრების, კუნთების ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი(იგივე, ნუროფენი, მიგ400).
  • ხშირად გაანიავეთ ოთხი. თუ აივანი გაქვთ გადით
  • თუ ვინმეს აქვს პულსოქსიმეტრი და გათხოვებთ, ძალიან კარგი იქნება, იკონტროლოთ სატურაცია(სისხლში ჟანგბადის გაჯერებულობა, არ უნდა ჩმოსცდეს 94%,თუ ასე მოხდა, დააკვირდით კლების ტენდენციას, ასევე სუნთქვის სიხშირეს)
  • არ მიიღოთ ანტიბიოტიკი(ვირუსს ანტიბიოტიკი არ კურნავს)
  • არ მოითხოვოთ კომპ. ტომოგრაფია!!!! (ესაჭიროებათ მძიმე, სუნთქვის უკმარისობიან პაციენტებს). გახსოვდეთ, 1 გულ-მკერდის კტ. განპირობებული დასხივება = 2 წლის ბუნებრივ დასხივების დოზას!
  • რაციონში მაქსიმალურად შეამცირეთ ტკბილეული
  • არ დაარღვიოთ იზოლაციის წესები, შესაძლოა თქვენ გახდეთ, სხვა ადამიანების ინფიცირების წყარო!

    ​თუკი შეასრულებთ ყველა აქტივობას მონდომებით, ყველაფერი კარგად იქნება

    ​გახსოვდეთ, კოვიდ ინფიციფებულების 80%ს ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება!

და ბოლოს, იმედია, არავის დაგჭირდებათ ეს რეკომენდაციები- აიცერით, მოუწოდეთ სხვებსაც აცრისკენ, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!,'' - აღნიშნავს ანი ქავთარაძე. 


სუნთქვითი ვარჯიშებისთვის განკუთვნილი სპიტომეტრიხი ყიდება სამედიცინო ტექნიკის მაღაზიებსა და აფთიაქებში.

წაიკითხეთ სრულად