Baby Bag

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის ​განჩინებაში ერთ-ერთი საკითხი COVID 19-ის პანდემიას და ვაქცინაციას ეხება.

​როგორც განჩინებაში წერია, წმინდა სინოდმა დაადგინა:


​„ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

​მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

​შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

​საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

​მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.

​პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.

​ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის, ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში.

​ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდეგ საკითხებს:

​ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?

​როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?

​არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?

​ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

​საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„რა თქმა უნდა, დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას იმიტომ ვამბობ ასე დაჯერებით და ერთადერთი იმედისმომცემი ამ სიტუაციაში ისაა, რომ“...

„რა თქმა უნდა, დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას იმიტომ ვამბობ ასე დაჯერებით და ერთადერთი იმედისმომცემი ამ სიტუაციაში ისაა, რომ“...

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში აქტუალურ თემაზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ჩანაწერს:

„​დაახლოებით 20 ათასამდე ტესტირებულიდან ინფექცია დაუდასტურდა მაქსიმუმ 5%-ს ანუ ინფექციურობის მაჩვენებელია 5%. გერმანიაში ეს მაჩვენებელია 18,55%-ია.

მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს უკვე ჰქონდა კორონა, თითქმის ერთ მილიონ ადამიანს. ეს დადასტურებულად.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ათასი ახალინფიცირებულია და უახლესი მონაცემით ახალინფიცირებული 986 პაციენტია, გარდაცვალება რჩება მაღალი და განსაკუთრებით კი არასარისკო ჯგუფის და არაასაკოვნების გარდაცვალებაა მაღალი. ამ ყველაფრის მერე მიზეზის ძიება კი არა, ამაზე დისკუსიაც კი არაა.
გასული წლის აპრილიდან ვცდილობ როგორმე დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვას უნდა მართვა და ჰიგიენის შემოწმება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ანალიზი, პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა.
ვერ იქნება ვერაფრით აცრა და მხოლოდ აცრა ყველაფრის მიზეზიც და პრობლემის გადამწყვეტი - აცრა მხოლოდ ერთი ასპექტია.
გადამწყვეტია იმათი გამოცხადება პაციენტად, ვინც მართლა პაციენტია და მერე ამ პაციენტის მოვლა.
წელიწადნახევარია ამაზე დისკუსიაც კი არაა და არამარტო ვინმე ერთი ექიმის ნათქვამის გამო კი არა, თავად აწ წარსულმა ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, თუ სად იყო და არის სისტემური მიზეზი და მაინც რეაქცია ნულია.
ასეული მილიონები იყრება კი არა, ილექება კლინიკების და ლაბორატორიების შემოსავალგადაუხდელ ანგარიშებზე და შედეგი სახეზეა.
რა თქმა უნდა, დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას იმიტომ ვამბობ ასე დაჯერებით და ერთადერთი იმედისმომცემი ამ სიტუაციაში ისაა, რომ მოსახლეობის 30% უკვე ვირუსგადატანილია და გამოჯანმრთელებულია,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
წაიკითხეთ სრულად