Baby Bag

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის ​განჩინებაში ერთ-ერთი საკითხი COVID 19-ის პანდემიას და ვაქცინაციას ეხება.

​როგორც განჩინებაში წერია, წმინდა სინოდმა დაადგინა:


​„ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

​მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

​შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

​საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

​მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.

​პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.

​ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის, ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში.

​ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდეგ საკითხებს:

​ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?

​როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?

​არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?

​ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

​საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გრძელდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, ბოლო 24 საათში გვყავს 2 197 გამოჯანმრთელებული პირი“

„გრძელდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, ბოლო 24 საათში გვყავს 2 197 გამოჯანმრთელებული პირი“
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

​„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 33 858-ს შეადგენს.

​როგორც აღვნიშნეთ, გრძელდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში გვყავს 2 197 გამოჯანმრთელებული პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 14 829-მდე.

​სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 7, ხოლო იმერეთში - 4 ადამიანი. გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს.

​დღეს გამოვლენილი 1 731 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარაში - 333, იმერეთში - 320, ქვემო ქართლში - 121, შიდა ქართლში - 76, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 119, კახეთში - 45, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15.

​ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 750. 4 022 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 012, აჭარაში - 673. მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის, თბილისში - 267, აჭარაში - 73. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 120 პირი - მათ შორის, თბილისში - 67, აჭარაში - 23. 2 344 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, სადაც გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის, 824 - აჭარაში, ხოლო 1 250 - თბილისში; 12 384 მკურნალობს ბინაზე.

​საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 507 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 726, აჭარაში-1 788.

​სულ 6-27 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 9 390 პირი.

​დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 001 პირი, საიდანაც თბილისში - 3 283 პირი, აჭარაში - 11 793, იმერეთში - 4 072.

​ეს გახლავთ სტატისტიკური მონაცემები ამ ეტაპისთვის, რომელიც ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

წაიკითხეთ სრულად