Baby Bag

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის ​განჩინებაში ერთ-ერთი საკითხი COVID 19-ის პანდემიას და ვაქცინაციას ეხება.

​როგორც განჩინებაში წერია, წმინდა სინოდმა დაადგინა:


​„ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

​მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

​შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

​საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

​მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.

​პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.

​ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის, ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში.

​ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდეგ საკითხებს:

​ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?

​როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?

​არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?

​ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

​საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს - მთელმა კაცობრიობამ“ - ლევან რატიანი

„კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს - მთელმა კაცობრიობამ“ - ლევან რატიანი

კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს - მთელმა კაცობრიობამ“, - ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იგი იმედოვნებს, რომ „ბცჟ ვაქცინაციის“ გამო, ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში მსუბუქი ფორმით გადაივლის:

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც ჩემთვისაა ამ ეტაპისთვის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია, ასევე მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვისაა უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ - ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს - მთელმა კაცობრიობამ. 80 პროცენტი მას მოხდის აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი - საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბცჟ ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ალბათ, ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბცჟ ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს, ექიმის თქმით, ეს ინდივიდუალურია:

„ეს არის ინფექციური პათოლოგია. ყველა ინფექციურ პათოლოგიას ახასიათებს ორი რაღაც - შეიძლება ვიყოთ მტარებელი და არ ვიყოთ დაავადებული. ამიტომ გააჩნია, ორგანიზმს რა განწყობა აქვს. სულ ვუყურებ გადაცემებს, ვეკონტაქტები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, ვინც  ჩართულია ამ დაავადებასთან ბრძოლაში, სწავლობს მის ბიო-ქიმიას და მოლეკულურ მექანიზმებს, ყველა ამბობს, რომ დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია 2 რაღაცაზე - 1-ლი ეს არის სომატური პათოლოგია და მე-2 არის ფსიქოლოგიური განწყობა, ამიტომ ვიყოთ რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე“, - აღნიშნა ლევან რატიანმა. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად